სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ტომაშ პერნიცკის შეხვდა და დღეისათვის სოფლის მეურნეობის დარგში არსებული ვითარება გააცნო. მინისტრმა მადლობა გადაუხადა ელჩს იმ ინტერესისთვის, რომელსაც ჩეხეთის მხარე საქართველოს სოფლის მეურნეობის მიმართ იჩენს.
ოთარ დანელიამ ყურადღება გაამახვილა იმ გამოწვევებზე, რომელთა წინაშეც საქართველო ევროკავშირთან ასოცირების შესახებ ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ დგას. მინისტრმა ჩეხეთის ელჩს ამ მიმართულებით გაწეულ სამუშაოზეც მიაწოდა ინფორმაცია. „ჩვენთვის მნიშვნელოვანი და ფასეულია იმ გამოცდილების გაზიარება, რომელიც ჩეხეთის რესპუბლიკამ ევროკავშირთან ინტერგაციის გზაზე გაიარა“, - განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა.
ტომაშ პერნიცკიმ დეტალურად ისაუბრა იმ სასოფლო-სამეურნეო პროექტებზე, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში (იმერეთი, აჭარა, თუშეთი) ჩეხეთის რესპუბლიკის მხარდაჭერით ხორციელდება. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სოფლის მეურნეობის მიმართულებით მომუშავე ჩეხეთის არასამთავრობო ორგანიზაციების საქართველოში საქმიანობის განხილვას.
„ჩეხეთის რესპუბლიკა დაინტერესებულია საქართველოსთნ სავაჭრო ურთიერთობების გააქტიურებით. ბიზნესწრეებში გაიზარდა ინტერესი საქართველოში წარმოებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მიმართ და გთავაზობთ ამ მიმართულებით უფრო აქტიურ თანამშრომლობას“, - განაცხადა ელჩმა.
შეხვედრის დასასრულს, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ასეთი ტიპის სამუშაო შეხვედრები სისტემატიურ ხასიათს მიიღებს, რაც თავის მხრივ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების შემდგომ გავითარებასა და განმტკიცებას შეუწყობს ხელს.