საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციამ და ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრმა დღს გაავრცელეს განცხადება, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
გვსურს გამოვეხმაუროთ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, სასოფლო-სამეურნეო მიწის უცხოელებზე მიყიდვის ამკრძალავი მორატორიუმის გაუქმების შესახებ. მიგვაჩნია რომ მორატორიუმის გაუქმება სამართლიანია და დადებითად აისახება ქვეყანაში არსებული ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებაზე. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შეძენაზე მორატორიუმი უარყოფითად აისახებოდა სოფლის მეურნეობის განვითარებაზე, ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობაზე და ზოგადად ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე. მორატორიუმის შედეგად ზარალდებოდა სოფლის მეურნეობის სექტორი, რომელიც კარგავდა უცხოურ ინვესტიციებს და რეალურად იზღუდებოდა სექტორის პროდუქტიულობა, ასევე აფერხებდა ახალი ტექნოლოგიების დანერგვასა და დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას. მორატორიუმი ასევე უარყოფითად აისახებოდა სოფლის მეორნეობის სექტორში, უკვე არსებულ ზრდის ტენდენციაზე.
როგორც ცნობილია, გარდამავალ პერიოდში ევროკავშირში ახლადგაწევრიანებულმა ქვეყნებმა (მაგალითად - პოლონეთმა, ბულგარეთმა) დროებით აუკრძალეს უცხოელებს მიწის ყიდვა, რადგან ეშინოდათ, რომ მათი ბაზრების გახსნის შემდეგ განვითარებულ სახელმწიფოთა ფერმერები ამ ქვეყნების მძიმე ეკონომიკურიმდგომარეობით ისარგებლებდნენ და დიდ მიწის ნაკვეთებს იაფად შეიძენდნენ, რის გამოც ადგილობრივ ფერმერებს მათთან შედარებით არაკონკურენტული გარემო შეექმნებოდათ.
საკუთრების უფლების აბსოლუტური შეზღუდვა ყოველგვარი არგუმენტაციის გარეე დაუშვებელია. სწორედ ასეთ დაუსაბუთებელ და არაპროპორციულ შეზღუდვას აწესებდა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განჩინებით გაუქმებული მორატორიუმი.
ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ხელისუფლება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გასხვისებასთან დაკავშირებით ახალ რეგულაციებს ამზადებს. ჩვენ ვერ ვხედავთ მსგავსი რეგულაციების საჭიროებას და ვთვლით, რომ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, როგორც შიდა, ასევე უცხოური ინვესტიციების განხორციელება ყველა სექტორში, მათ შორის სოფლის მეურნეობაში და საქართველოს ხელისუფლებამ ამ პროცესს მაქსიმალურად უნდა შეუწყოს ხელი. ამასთანავე მიწაზე მორატორიუმის გახანგძლივება და მორატორიუმის შემდგომ ეკონომიკის სამინისტროს მიერ დაწესებული შეზღუდვები აფერხებს კერძო საკუთრების ფორმირების პროცესს, ქმნის არაკონკურენტულ გარემოს, აჭიანურებს მიწის კერძო ბაზრის ფუნქციონირებას და შესაბამისად, უარყოფითად მოქმედებს საბაზრო ეკონომიკის მექანიზმებზე.
ჩვენი მკვლევარების მიერ სოფლის მეურნეობის სამინისტროდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე სახელმწიფო საკუთრებაში ჯერ კიდევ ფლობს (ოკუპირებული ტერიტორიების ჩაუთვლელად) დაახლოებით1 418 969 ჰექტარ სასოფლო სამეურნეო მიწას. მათ შორისა 272 586 ჰა (სახნავი, სათიბი, მრვავალწლიანი ნარგავები, რომელიც ექვემდებარება სრულ განკერძოებას) და 1 146 383 ჰა საძოვარი (მეტწილად განსაკერძოებელი), რომელიც ბაზარს უნდა მიეწოდოს, შესაბამისად ბაზარზე წარმოიშობა ჭარბი მიწოდება. სანამ ეს მიწები მთლიანად არ გადავა კერძო საკუთრებაში შეუძლებელია მიწის ფასის რეალურ ნიშნულამდე ზრდა (ცნობისთვის 2010-2012 სასოფლო-სამეურნეო მიწებზე ჩატარებული 1672 აუქციონის მიხედვით 1 კვ.მ. მიწის ფასი შეადგენას 0.11 ლარს, ხოლო სასოფლო სამეურნეო კულტურა 1 კგ. კართოფილის ფასი შეადგენს 1-1.3 ლარს, რაც საკმაოდ პარადოქსულია და კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს მიწის არარელაურად დაბალ ღირებულებას).
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწის გაყიდვის გზით კერძო საკუთღებად ფორმირებას დაჭირდება დიდი დრო ( 2010-2012 წლების არსებული პრივატიზაციის ტემპების წრფივი განზოგადებით საუკეთეშო შემთხვევაში დაახლოებით 15 წელი[1] კვლევები აჩვენებს, რომ 2010-2012 წწ მანძილზე საბაზრო მექანიზმებით (აუქციონის გზით პრივატიზება) კერძო საკუთრებაში გადავიდა 19 346 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწა, ხოლო პრივატიზებით მიღებული თანხა შეადგენდა 21,49 მლნ. ლარს.
დღეს მოქმედი „მიწის უწყებათაშორისი საბჭოს“ უმთავრეს მიზანს წარმოადგენს, შემუშავდეს გარკვეული რეგულაციები, რომელიც შეუზღუდავს უცხოელებს მიწების ყიდვის შესაძლებლობას. ჩვენ მივიჩნევთ, რომ ამგვარი რეგულაციები გამოიწვევს არაპირდაპირი გზების გამონახვას, მიწების შეძენისთვის, (მაგ. უცხო ქვეყნის მოქალაქეები შეძლებენ ნდობით აღჭურვილი საქართველოს მოქალაქეების მეშვეობით გარკვეული გარიგებების საფუძველზე მოახდინონ მიწების შეძენა) რაც სახელმწიფოს გვერდის ავლით შიდა გარიგებებსა და არაფორმალური ურთიერთობების ჩამოყალიბების საფრთხეს ქმნის.
მიუხედავად ამისა, იმ შემთხვევაში თუ მაინც დაწესდება შეზღუდვები სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გასხვისების შესახებ, სასურველია რეგულაციები იყოს მაქსიმალურად გონივრული და ადვილად გასაგები უცხოელი ინვესტორებისათვის. ვიმედოვნებთ, რომ ინიცირებულ რეგულაციებს ლეგიტიმური მიზნები ექნება და მათ მისაღწევად ადეკვატური ზომები დაწესდება. შეზღუდვები არ უნდა ლახავდეს ადამიანის ძირითად უფლებებს. ამასთანავე, ყოველი შეზღუდვის დაწესებისას ნათლად უნდა გამოიკვეთოს მიზანი, რომელსაც ისე მსახურება. გარდა ამისა, მკაფიოდ უნდა ჩანდეს, როგორ მიიღწევა დაწესებული შეზღუდვით დასახული მიზანი. ჩვენი აზრით არ უნდა დაწესდეს ისეთი რეგულაციები როგორებიცაა:
- საჯარო დაწესებულების მიერ თანხმობის გაცემა საქართველოში სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის შეძენის თაობაზე;
- შესაძენი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის მინიმალური და მაქსიმალური ფართობის დაწესება;
- ნებისმიერი შეზღუდვა, რომელიც გამოიწვევს საჯარო დაწესებულების მხრიდან სუბიექტურ შეფასებას.
აღსანიშნავია რომ სახელმწიფო მიწები რომლებიც უსარგებლოდაა და საბაზრო ბრუნვაში (ეკონომიკურ კეთილდღეობაში) არ არიან ჩართული ეკონომიკურად არაეფექტიანია და აფერხებს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარბას. ხელისუფლებას აღნიშნული საკითხის მოგვარების ყველაზე ოპტიმალურ გზის აჩევა შეუძლია, როგორიცაა პრივატიზაცია მიწის მოსახლეობაზე უსასყიდლო გადაცემის გზით. ვგულისხმობთ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწების უმოკლეს ვადაში განკერძოებას (უსასყიდლოდ გადაცემას) საქართველოს მოქალაქეებზე.
ამრიგად, მიწების საკუთრებაში სრულად გაცემის შედეგად წმინდა ფინანსური თვალსაზრისით სახელმწიფო გარდა ეკონომიკური კეთილდღეობისა და საბაზრო მექანიზმების ამუშავებისა, მიიღებდა კონკრეტული ფინანსური სახსრებსაც. „2012 წელს საქართველოს მთავრობის #50 დადგენილების“ შესაბამისად, განსაზღვრულია სასოფლო-სამეუნეო მიწებზე ქონების გადასახადის წლიური საბაზისო განაკვეთები, აღნიშნულიდან გამომდინარე კერძო საკუთრებაში მიწების გადასვლა მარტივი არითმეთიკული გაანგარიშებით საშუალოდ 49 მილიონის ოდენობით გაზრდის წლიურ შემოსავალს ბიუჯეტში. ამას ემატება საშემოსავლო გადასახადი „მეორად ბაზარზე“ ყველა გარიგებიდან 20%, აგრეთვე მიწის რენტით მიღებული შემოსავლების 20%-ს. სახელმწიფოს მიიღებს ირიბი შემოსავლებს ყოველი ნაკვეთის გადაფორმების ან საკუთრებაში დამტკიცების შედეგად საჯარო რეესტრის მეშვეობით მიღებული მოსაკრებლების სახით.
საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია; ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრი