სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი გიორგი მღებრიშვილი არასრულწლოვანთა #11 სარეაბილიტაციო დაწესებულებას ესტუმრა და მსჯავრდებულებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა. მინისტრმა არასრულწლოვნებს სიმბოლური საჩუქრები გადასცა. თითოეულმა მსჯავრდებულმა ინდივიდუალურად მიიღო შემეცნებითი ლიტერატურა, ბლოკნოტი და წარწერიანი კალამი, რომელზეც გამოსახული იყო მსჯავრდებულის ვინაობა და ვიქტორ ჰიუგოს ფრაზა -„ვინც აღებს სკოლის კარს, კეტავს ციხისას.“
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრთან ერთად არასრულწლოვან მსჯავრდებულებს სასწავლო წლის დადგომა მიულოცა განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა. სტუმრები მოზარდებს განათლების მნიშვნელობაზე ესაუბრნენ და სასჯელაღსრულების დაწესებულების მალე დატოვება უსურვეს.
„ვულოცავ ყველა მოსწავლეს სასწავლო წლის დაწყებას. ეს არის დღე, რომელსაც ყოველთვის დიდი სიხარულით ელოდებიან ბავშვები, განსაკუთრებით ვულოცავ აქ, არასრულწლოვანთა დაწესებულებაში მყოფ მოსწავლეებს. მართალია, მათი სასწავლო წელი განსხვავებულია სხვებისგან, მაგრამ ჩვენ ყველანაირად ვეცდებით, რომ ეს განსხვავება სწავლის ხარისხზე არ აისახოს. ჩვენ გვინდა მათ მიიღონ ისეთი განათლება, რომელიც აქედან გასვლის შემდეგ ცხოვრების თავიდან დაწყებაში დაეხმარებათ. არ ვიქნები ორიგინალური თუ ვიტყვი, რომ განათლებულ ადამიანს უფრო მეტი შანსი აქვს უკეთ დაგეგმოს თავისი ცხოვრება და იპოვოს თავისი ადგილი ამ სამყაროში. ვიქტორ ჰიუგოს აქვს ასეთი ფრაზა: ვინც აღებს სკოლის კარს, კეტავს ციხისას, ძალიან მინდა და ვისურვებდი, რომ ჩვენი ყველა არასრულწლოვანი მსჯავრდებულისთვის სამუდამოდ დაიხუროს ციხის კარი.“ - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.
სასწავლო წლის დაწყების მილოცვასთან ერთად სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა არასრულწლოვანთა დაწესებულებაში მიმდინარე სარემონტო სამუშაოებიც დაათვალიერა. გიორგი მღებრიშვილი არასრულწლოვანთა დაწესებულებაში რამდენიმე კვირის წინაც იმყოფებოდა. მაშინ მინისტრმა პირობა მისცა არასრულწლოვან მსჯავრდებულებს, რომ დაწესებულების საცხოვრებელი კორპუსი ეტაპობრივად გარემონტდებოდა.