სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული სამმართველოს სპეციალისტებმა ქალაქ ბათუმში ფარნავაზ მეფის ქუჩაზე მდებარე მარკეტში საეჭვო შეფერილობის ღვინის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინეს. სპეციალისტები 3 ლიტრიან ბოთლში ჩამოსხმული "ქინძმარაულით" მას შემდეგ დაინტერესდნენ, როდესაც მათ მოქალაქემ საეჭვო შეფერილობის ღვინის აღმოჩენის თაობაზე შეატყობინა. სახელმწიფო კონტროლის ჩატარებისას აღმოჩნდა, რომ დარღვეული იყო ეტიკეტირების წესი, კრძოდ არ იყო მითითებული ჩამოსხმის თარიღი, ხოლო ღვინოს ჰქონდა არადამახასიათებელი მწვანე შეფერილობა.
საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, შემთხვევა, რომელიც შეიძლება შეიცავდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 197-ე (ფალსიფიკაცია), ასევე 198-ე მუხლებით (ადამიანის სიცოცხლისთვის ან ჯანმრთელობისთვის საშიში პროდუქციის დამზადება, შემოტანა ან რეალიზაცია) გათვალისწინებულ დანაშაულის ნიშნებს, შემდგომი რეაგირებისთვის ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის გადაეცემა.