ძვირფასო ბავშვებო, მოსწავლეებო, სტუდენტებო, პედაგოგებო, მშობლებო, გულითადად გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას.
დღეიდან ათასობით ბავშვი, ახალგაზრდა და პედაგოგი განახლებული ენერგიითა და შემართებით შეუდგება ყოველდღიურ შრომას ცოდნის დაუფლებისა და გაღრმავებისათვის. იწყება ახალი გამოცდილების, ახალი მეგობრების შეძენის პროცესი.
განსაკუთრებით ვულოცავ ამ დღეს მათ, ვისთვისაც იგი მარად დაუვიწყარ გამოცდილებად იქცევა, ვინც დღეს პირველად შეაღო სკოლისა თუ უნივერსიტეტის კარი.
ჩემთვის, როგორც ყოფილი პედაგოგისა და რექტორისათვის, ეს დღე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ღრმად მწამს რომ თითოეული მოქალაქის ინტელექტი და შესაძლებლობები ის ფუნდამენტია, რომელზეც ქვეყნის სიძლიერე, კეთილდღეობა და მშვიდობა შენდება. ამდენად, ცოდნის გადაცემისა და დაუფლების პროცესი არსებითია ნებისმიერი საზოგადოების განვითარებისთვის.
შემეცნების სიხარულით აღსავსე, წარმატებულ და საინტერესო სასწავლო წელს გისურვებთ.