ირაკლი კობახიძის განცხადებით, პრეზიდენტს მინიჭებული აქვს გარკვეული უფლებამოსილებები, რომელიც წმინდა საპარლამენტო მმართველობისთვის არ არის დამახასიათებელი, თუმცა საუბარი იმაზე, რომ საქართველოში დღეს ნახევრად საპრეზიდენტო მმართველობაა ჩამოყალიბებული, ნამდვილად არ შეიძლება.
მისივე თქმით, პრეზიდენტის პირდაპირი გზით არჩევითობა და სხვა უფლებამოსილებები ამ მოსაზრების გასამყარებელი არგუმენტი არაა.
“ევროპის საპარლამენტო რესპუბლიკების დაახლოებით ნახევარში პრეზიდენტები პირდაპირი წესით არიან არჩეულები, ანუ თავისთავად ის, რომ პრეზიდენტი პირდაპირი წესითაა არჩეული, არ ნიშნავს, რომ სისტემა ნახევრად საპრეზიდენტოა”, - აღნიშნა კონსტიტუციონალიტმა.
რაც შეეხება საქართველოს პრეზიდენტის კომპეტენციებს საგარეო ურთიერთობების სფეროში, კობახიძის განცხადებით, ეს უფლებამოსილებები 2013 წლის შემდეგ არსებითად შეზღუდულია.
“კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტი მოკლებულია შესაძლებლობას განახორციელოს საგარეო პოლიტიკა და საერთოდ აწარმოოს რამე სახის საერთაშორისო მოლაპარაკება, დადოს რაიმე სახის საერთაშორისო ხელშეკრულება საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე. ანუ ახალ სისტემაში პრეზიდენტის როლი საგარეო პოლიტიკის სფეროში მეორე ხარისხოვანია და უპირატესი უფლებამოსილება მთავრობას ენიჭება”, – განაცხადა კობახიძემ.