ბილდტი სააკაშვილის ძალზე ახლო მოკავშირე იყო

ბილდტი სააკაშვილის ძალზე ახლო მოკავშირე იყო

შვედეთის ყოფილი ელჩი საქართველოში ჰანს გუნარ ადენი  გაზეთ „აფტონბლადეტთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ იგი თვალს ადევნებს  საქართველოში მოვლენების განვითარებას.

„ხანდახან კვლავ გაისმის კრიტიკა სააკაშვილის რეჟიმის მიმართ და გარკვეული ლობისტების მიმართ, რომელსაც სააკაშვილი დიდ ფულს უხდიდა.  მათ შორის ასახელებენ ხოლმე  ხშირად ბილდტს და Kreab-ს. საქართველოში ზოგადად ცნობილია, რომ  ბილდტი სააკაშვილის ძალზე ახლო მოკავშირე იყო, ხოლო Kreab კი სააკაშვილისთვის მუშაობდა.  ეს საიდუმლო არ არის, თუმცა თანხებზე არასდროს ყოფილა საუბარი, არც იმაზე, რამდენ ხანს გრძელდებოდა ეს პროცესი.“

ყოფილი ელჩი აცხადებს, რომ სააკაშვილისა და ბილდტის ახლო კავშირის გამო, მისთვის საქართველოს შესახებ ობიექტური ანგარიშის მომზადება რთული იყო.

„ბილდტი სააკაშვილის ძალიან ახლო მოკავშირე იყო და ძალზე რთული იყო ამ ნიუანსების გათვალისწინებით ანგარიშის მომზადება იმაზე, თუ რა მოხდა საქართველოში.  ჩემი, როგორც ელჩის, მოვალეობა ის იყო, რომ ანგარიში გამეკეთებინა მიღწეული როგორც წარმატებების შესახებ, ასევე, სირთულეებსა და ხარვეზებზეც. არსებობს როგორც პოზიტიური, ასევე,  ნეგატიური მხარეები.  მე ვგრძნობდი პოლიტიკური მმართველი გუნდის მხრიდან, რომ ანგარიშები სააკაშვილის ბნელი მმართველობის შესახებ არ იყო ხელსაყრელი“,- აღნიშნავს ჰანს გუნარ ადენი.

შვედეთის ყოფილი ელჩი: ბილდტი უკმაყოფილო იყო საქართველოზე ჩემი ანგარიშებით

საქართველოში შვედეთის ყოფილი ელჩი ჰანს გუნარ ადენი  აცხადებს, რომ  საქართველოდან  მოულოდნელად მას შემდეგ გაიწვიეს, რაც  ანგარიშში დაწერა, რომ  საქართველოს 2008 წლის საპრეზიდენტო  არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით ეჭვები არსებობდა.

„მე გამომიძახეს სახელმწიფო მდივანთან და მითხრეს, რომ საგარეო საქმეთა მინისტრი უკმაყოფილო იყო ჩემი ანგარიშებით, რომ ეს ეწინააღმდეგებოდა საერთაშორისო დამკვირვებლების დასკვნებს და თავად საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ დაწერილ ბლოგს, რის შესახებაც მე არაფერი ვიცოდი. შემეკითხნენ, რატომ მივეცი თავს უფლება, ამ სახით გამომეხატა სათქმელი?

დამკვირვებლებმა თავიანთი თავდაპირველი პოზიტიური დასკვნები არჩევნების შესახებ მოგვიანებით შეცვალეს  და აღიარეს, რომ დარღვევებს ჰქონდა ადგილი“,- აცხადებს  ყოფილი ელჩი შვედურ გაზეთ „აფტონბლადეტთან“ საუბრისას.

იგი აღნიშნავს, რომ მისთვის არ განუმარტავთ, რატომ გაიწვია ვადამდე, წელიწად ნახევრით ადრე  შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კარლ ბილდტმა.

„როდესაც ჩავედი საქართველოში და შევუდექი საქმიანობას, უცბად საწინააღმდეგო ბრძანება მოვიდა. საერთოდ არ მიმიღია განმარტება, მითხრეს, რომ უცებ უნდა ჩამელაგებინა ჩემოდნები და სახლში გავმგზავრებულიყავი. მე მაშინ ჯერ კიდევ წელიწადნახევარი მქონდა ვადა, ჩემი გამოგდება არ შეიძლებოდა“,- აცხადებს  ჰანს გუნარ ადენი.

სტატიის მიხედვით,  ეს მოხდა იმ ანგარიშის შემდეგ, რომელიც ადენმა 2008 წლის იანვარში დაწერა საპრეზიდენტო სარჩევნების გაყალბების თაობაზე ეჭვების არსებობის შესახებ.

„საკმაოდ უცნაურია, რომ დასავლეთში გარკვეული ძალები აკრიტიკებენ საქართველოს დღევანდელ  მთავრობას, რომ ის ახორციელებს „გრძნეულებზე ნადირობას“ და დევნის ყოფილ ოპონენტებს. შეცდომები ხომ უმაღლეს დონეზეც შეიძლება იქმნას დაშვებული. მე ვერ ვხვდები, რატომ ჩნდება პროტესტი, რომ ეს პოლიტიკური დევნაა, როდესაც იმავეს ქართველები აკეთებენ. ჩემი აზრით, ეს უცოდინრობა და უსამართლობაა“,- აღნიშნავს შვედეთის ყოფილი ელჩი.

ადენს მაგალითად მოჰყავს დასავლეთის პოლიტიკური ლიდერები, როგორიც არიან ბერლუსკონი და შირაკი, რომლებიც სასამართლოს წინაშე წარსდგნენ.