ებრაული ინვესტიციები სოფლის მეურნეობაში

ებრაული ინვესტიციები სოფლის მეურნეობაში

დღეს, ოთარ დანელიამ ებრაული კომპანიის “LR GROUP“ ხელმძღვანელ  პირებს სოფლის მეურნეობის სამინისტროში უმასპინძლა. „LR GROUP“ -  უმსხვილესი კომპანიაა, რომელიც დაარსების დღიდან მთელს მსოფლიოში წარმატებით ახორციელებს პროექტებს სხვადასხვა მიმართულებით.

„1985 წლიდან აქტიურად ვმუშაობთ აფრიკაში, ევროპასა და აზიაში, ასევე ამერიკის კონტინენტზე. სოფლის მეურნეობა - ერთ-ერთი წამყვანი მიმართულებაა ჩვენი კომპანიის საქმიანობაში, სასოფლო-სამეურნეო პროექტებში მილიარდ დოლარზე მეტი გვაქვს დაბანდებული მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. ეს ჩვენი პირველი სამუშაო ვიზიტია საქართველოში და მზად ვართ აქტიურად ვითანამშრომლოთ ქართველ პარტნიორებთან მსხვილ საინვესტიციო პროექტებზე“, - განაცხადა შეხვედრის დასასრულს კომპანიის აღმოსავლეთ დეპარტამენტის დირექტორმა მარკ ველტმანმა.

„ის ფაქტი, რომ მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიები, როგორიცაა „LR GROUP“ დაინტერესებული არიან საქართველოში ინვესტიციებით, ნათლად ადასტურებს, საქართველოში ჯანსაღი და მიმზიდველი საინვესტიციო გარემოს არსებობას“, - განაცხადა შეხვედრაზე ოთარ დანელიამ. სოფლის მეურნეობის მინისტრმა დეტალური ინფორმაცია მიაწოდა სტუმრებს დარგის პრიორიტეტულ მიმართულებებზე და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელით დააფიქსირა მზადყოფნა მაქსიმალურად მხარი დაუჭიროს ახალი ინვესტიციების განხორციელებას საქართველოს სოფლის მეურნეობაში.