ვისკონსინის შტატის სასჯელაღსრულების სისტემის ხელმძღვანელი პირები, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრთან, გიორგი მღებრიშვილთან და საქართველოში აშშ-ის ელჩთან, რიჩარდ ნორლანდთან ერთად მასმედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ და 12-დღიანი ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსა და ანტინარკოტიკული და სამართალდაცვით ორგანოებთან ურთიერთობის საერთშორისო ბიუროს (INL) შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში დაწყებული პროექტი შეაჯამეს.
სასჯელაღსრულების დაწესებულებების პერსონალთან და პატიმრებთან გასაუბრების შემდეგ, ვისკონსინის შტატის სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მდივნის მოადგილის, დეირდრე მორგანი აცხადებს, რომ პირობები ყველგან დამაკმაყოფილებელია და ის მიდგომები, რომელთა დანერგვაზეც დელეგაციის წევრები მუშაობენ, პრაქტიკულად ფუნქციონირებს დაწესებულებებში, თუმცა, ამ ყველაფერს ორგანიზებული სახე უნდა მიეცეს: „საქართველოს პენიტენციური სისტემა სწორ გზას ადგას, აქედან გამომდინარე, იმედი მაქვს, ახალი მიდგომების დანერგვა სწრაფი ტემპით განხორციელდება. ამის საფუძველს გვაძლევს სასწავლო ცენტრში მიმდინარე საინტერესო წვრთნები და პერსონალთან კონსულტაციები“.
საქართველოში აშშ-ის ელჩის რიჩარდ ნორლანდის თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები, ვისკონსინის შტატის სასჯელაღსრულების სპეციალისტების მეშვეობით ეხმარება საქართველოს და ხელს უწყობს, გააუმჯობესოს სტანდარტები სასჯელაღსრულების დაწესებულებებში: „დღეისათვის გამოყოფილია 1 მილიონი დოლარი, რომლითაც მოხდება საქართველოს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში სტანდარტების ამაღლება და ადამიანის უფლებათა დაცვის გაუმჯობესება“.
„საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემა განვითარების ახალ ეტაპზე გადადის, აქედან გამომდინარე, უმნიშვნელოვანესია სწორი მენეჯმენტი, გრძელვადიანი დაგეგმვა, ახალი მეთოდოლოგიების დანერგვა და იმ გამოცდილების გაზიარება, რომელიც გააჩნიათ ჩვენს კოლეგებს ვისკონსინის შტატიდან“ - განაცხადა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა.
ვისკონსინის შტატის სასჯელაღსრულების სისტემის 5-კაციანი დელეგაციის ვიზიტი საქართველოში 1 სექტემბერს დაიწყო. ვიზიტის მიზანია ქართველი კოლეგებისთვის გამოცდილების გაზიარება და მიმდინარე რეფორმების განხორციელების პროცესში დახმარების გაწევა.
აშშ-ს საელჩოსა და სასასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს შორის 2014 წლის ივნისის თვეში ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომლის საფუძველზეც აშშ-ს საერთაშორისო ნარკოტიკებისა და კანონის აღსრულების საქმეთა ბიურო განახორციელებს საპილოტე პროექტს დაბალი რისკის N16 სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან დაკავშირებით.
პროექტის ძირითადი მიზნებია საქართველოში თანამედროვე და ჰუმანური სასჯელაღსრულების პრაქტიკის დანერგვა; მულტიდისციპლინარული გუნდის ჩამოყალიბების ხელშეწყობა და სამინისტროსა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომელთა შესაბამისი მომზადება.
აღნიშნული პროექტის მხარდაჭერას აშშ-ს მთავრობა უზრუნველყოფს, რომლის ფარგლებშიც მიმდინარეობს საქართველოსათვის ამერიკული, პარტნიორი სასჯელაღსრულების დეპარტამენტის შერჩევაც.
აღნიშნული პროექტის მომზადების მიზნით, დაიგეგმა აშშ-ს მხარის დელეგაციის ვიზიტები საქართველოში აგვისტოსა და სექტემბრის თვეში. ვიზიტის ფარგლებში მოხდა სიტუაციის და საჭიროებების შესწავლა დაბალი რისკის მე-16 დაწესებულებაში, ასევე სამინისტროსა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სამუშაო ჯგუფისთვის რისკების შეფასების ამერიკული გამოცდილების დეტალურად გაზიარებაა.
რაც შეეხება ვისკონსინის შტატის სასჯელაღსრულების სისტემის ხელმძღვანელი პირების ვიზიტს, აშშ-ის დელეგაცია კონსულტაციებს გადის საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსთან დაწესებულებათა ადმინისტრირების პრაქტიკის მრავალ ასპექტთან დაკავშირებით, მათ შორისაა სასჯელის ინდივიდუალური დაგეგმვა, მსჯავრდებულთა რეაბილიტაცია, მულტიდისციპლინური ჯგუფის მენეჯმენტი, დაწესებულებათა მართვის საკითხები, კომუნიკაცია და სხვა. კონსულტირების პროცესში ყურადღება გამახვილდა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის თანამშრომლების გადამზადებაზე, საკონსულტაციო მხარდაჭერასა და თანამშრომელთა შესაძლებლობების ჩამოყალიბებაზე.
ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წარმომადგენლები შეხვდნენ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელობას, ესტუმრნენ სასწავლო ცენტრს, სადაც გამართეს პრეზენტაციები და ადგილზე გაეცნენ სასჯელაღსრულების დაწესებულებების ადმინისტრირების საკითხებს.
აღსანიშნავია, რომ კონსულტაციების მიღებისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ხელმძღვანელი პირებისგან შემდგარი დელეგაცია 2014 წლის ივნისის თვეში ვისკონსინის შტატის სასჯელაღსრულების დეპარტამენტს ესტუმრა.