10 სექტემბერს, თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულების თანამშრომლებისათვის დაიწყო ტრენინგების ციკლი - „ჯანსაღი გარემოს შექმნა და დაავადებათა პრევენცია".
ხუთდღიანი სასწავლო პროგრამა, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის ბაზაზე, ევროკავშირისა და ევროსაბჭოს ერთობლივი პროგრამის („ადამიანის უფლებები ციხეებსა და დახურული ტიპის სხვა დაწესებულებებში") მხადაჭერით წარიმართება და მას პრობაციის ეროვნული სააგენტოს 49 თანამშრომელი, ორ ჯგუფად გაივლის.
ტრენინგზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ჯანდაცვის ხელშეწყობის, კრიტიკული სიტუაციების მართვის, თვითმკვლელობების, თვითდაზიანების, იმუნოდეფიციტური და სხვა ვირუსების პრევენციის შესახებ ახალ მიდგომებს, დაავადებათა თავიდან აცილების გზებს.
საერთაშორისო სტანდარტებით კადრების გადამზადება ხელს შეუწყობს თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებებში ჯანსაღი გარემოს შექმნასა და დაავადებათა გავრცელების პრევენციას, რაც მსჯავრდებულის უფლებათა დაცვის გარანტიებს განამტკიცებს.