10 სექტემბერი სუიციდის პრევენციის მსოფლიო დღეა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მოუწოდებს სახელმწიფოებს, რომ არ დაიშურონ ძალისხმევა, რათა 2020 წლისთვის სუიციდის მაჩვენებელი 10%-ით შეამცირონ.
მსოფლიო კამპანიის ფარგლებში სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ სუიციდის პრევენციის მიმართულებით პირველი შედეგები შეაჯამა.
სუიციდის პრევენციის პროგრამა, რომლის განხორციელებაც სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტრომ 2013 წლის დეკემბრიდან დაიწყო, უკვე 5 დაწესებულებას ფარავს, ხოლო პროგრამის გუნდმა, რომელშიც ფსიქოლოგები, ფსიქიატრები, სოციალური მუშაკები და ექიმები, ასევე რეჟიმისა და უსაფრთხოების თანამშრომლები შედიან, 38 ადამიანის დახმარება შეძლო, რომელთაც სუიციდის მაღალი რისკი და წარსულში თვითმკვლელობის არაერთი მცდელობა ჰქონდათ. მათთან მუშაობა სუიციდის რისკის შემცირებით ან განეიტრალებით დასრულდა.
ამჟამად, პროგრამაში კიდევ 39 პატიმარია ჩართული, რომელთანაც მულტიდისციპლინური მუშაობა მიმდინარეობს. მათგან 5 არასრულწლოვანია.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, რომ სასჯელაღსრულების სისტემაში სუიციდის პროგრამის პირველი შედეგები ძალზე იმედისმომცემია. ამ ტიპის პროგრამებს მსოფლიოს მასშტაბით აბსოლუტური შედეგი არსად არ აქვს, მაგრამ დახმარება, რომელსაც უწევენ პროგრამაში ჩართულ მსჯავრდებულებს, სუიციდის განმეორების რისკს მნიშვნელოვნად ამცირებს. „მულტიდისციპლინური გუნდის დახმარებით მოხერხდა პროგრამაში ჩართული 77 ადამიანის კრიზისიდან გამოყვანა, რომელთაგან 9 არასრულწლოვანი იყო. სუიციდის პერევენციის პროგრამა მალე მთელი სასჯელაღსრულების სისტემის მასშტაბით გაფართოვდება“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ
საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელის მოადგილის ბორის იაროშევიჩის თქმით, „ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსთან ერთად ჩვენ ვახორციელებთ საპილოტე პროექტს, რომლის მიზანიც თვითმკვლელობის პრევენციაა. ჩვენი მიზანია, რომ ეს პროექტი საქართველოს ყველა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში განხორციელდეს და მოხარულები ვართ, რომ ამ ძალისხმევაში სამინისტრო მხარს გვიჭერს“.
2014 წელს სუიციდის პრევენციის მსოფლიო დღე სასჯელაღსრულების სისტემაში პირველად აღინიშნა. ზოგადად ცნობილია, რომ სასჯელაღსრულების სისტემებში პატიმრებს შორის სუიციდის რისკი 8-10-ჯერ მაღალია, ზოგად მოსახლეობასთან შედარებით.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით ყოველწლიურად მსოფლიოში 800 000-ზე მეტი ადამიანი ასრულებს სიცოცხლეს თვითმკვლელობით, რაც აღემატება მკვლელობების და საომარ კონფლიქტებში გარდაცვლილთა ჯამურ მაჩვენებელს.
სუიციდის პრევენციის პროგრამა ევროკავშირის, ევროსაბჭოს და ფონდის „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში“ დახმარებით შემუშავდა.