სოფლის მეურნეობის მინისტრი, ოთრ დანელია ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ჰანს ჰორბახს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის საკითხების ფართო სპექტრი. სამუშაო შეხვედრის მთავარ მიზანს, საქართველოში სამელიორაცო სისტემების მოწესრიგების მიმართულებით განსახორციელებელ ახალ პროექტთან დაკავშირებული საკითხების განხილვა წარმოადგენდა. ,,ზემო სამგორის საირიგაციო არხის რეაბილიტაციის პროექტის“ საერთო ბიუჯეტი 55 მლნ ევროს შეადგენს.
„პრაქტიკულად დასრულებულია მოსამზადებელი სამუშაოები, ყველა კონკრეტულ საკითხთნ დაკავშრებით მიღწეულია შეთანხმება და მზად ვართ, რომ უახლოეს პერიოდში ხელი მოეწეროს სამთავრობო შეთნხმებას, რომლითაც საქართველოში ახალი საირიგაციო პროექტი დაიწყება“, - განაცხადა ნიდერლანდების სამეფოს ელჩმა.
შეხვედრაზე სოფლის მეურნეობის მინისტრმა საქართველოში სოფლის მეურნეობის დარგის სწრაფი და ეფექტიანი განვითარების მიზნით, უკვე განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებზე ისაუბრა. ოთარ დანელიამ ყურადღება გაამახვილა იმ გამოწვევებზე, რომლის წინაშეც საქართველო ევროკავშირთან ასოცირების შესახებ ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ დგას. მინისტრმა ნიდერლანდების სამეფოს ელჩს ამ მიმართულებით გაწეულ სამუშაოებზეც მიაწოდა ინფორმაცია.
,,ჩვენმა ქვეყანამ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადა საერთო ევროპულ ოჯახთან დაახლოების მიმართულებით. DCFTA-ს ამოქმედება ქართულ პროდუქციას მსოფლიოს უმსხვილეს - 500 მლნ-იან ბაზარს უხსნის. ამისთვის საჭიროა მასშტაბური სამუშაოების ჩატარება, სტანდარტებისა და მოთხოვნების დაკმაყოფილების კუთხით. ამ მიზნით ევროპული ქვეყნების გამოცდილების გაზიარება მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ოთარ დანელიამ.
შეხვედრაზე მხარეებმა ასევე ისაუბრეს საქართველოს სოფლის მეურნეობაში უცხოური ინვესტიციების განხორციელების მნიშვნელობაზე და ამ კუთხით, საქართველოში ბიზნესფორუმის გამართვის საკითხი განიხილეს.