"აღწერილი ნაბიჯები “ნაციონალური მოძრაობის” ქმედებებს ემთხვევა"

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის თქმით, იმ უწყებებს, რომლებსაც ქვეყანაში წესრიგის დაცვა ევალებათ, განსაკუთრებული ყურადღება მართებთ, რათა გიგი უგულავას სახელით გავრცელებულ წერილში მოხსენიებული სცენარი არ განვითარდეს.

მისივე თქმით, შინაარსობრივად შესაძლებელია, წერილი ავთენტური იყოს, რადგან მასში აღწერილი ნაბიჯები “ნაციონალური მოძრაობის” ქმედებებს ემთხვევა.

“ერთია წერილობითი ავთენტურობა, რაც ალბათ, შესაბამისმა ორგანოებმა უნდა დაადგინონ, თუმცა მეორეა შინაარსობრივი ავთენტურობა. ამ წერილში მოყვანილი სტრატეგია და ნაბიჯები ერთი-ერთში ემთხვევა იმას, რასაც დღესაც აკეთებენ “ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები”. თუნდაც ავიღოთ ნატო-ს უელსის სამიტის შეფასებები, როდესაც ასეთი წინაგადადგმული ნაბიჯი გვაქვს, მათი მხრიდან ისმის შეფასება, რომ მთავრობამ საკმარისად არ იმუშავა და შედეგი არ არის ის, რაც უნდა ყოფილიყო, ასევე სხვა სფეროებშიც ისმის ანალოგიური შეფასებები და ხელისუფლებას უნიათოს უწოდებენ. ეს ყველაფერი ძალიან ჰგავს ამ სტრატეგიას და მცდელობას ქვეყანაში შექმნან ისეთი ფონი, თითქოს ამ ხელისუფლებამ ყველა მიმართულებით კატასტროფა წარმოქმნა. უნდა ითქვას, რომ სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს, რათა არ დაუშვას მსგავსი სცენარების განხორციელებას”, – განაცხადა ვოლსკიმ.