საქართველოს პრეზიდენტმა დღეს ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი ჩაკ ჰეიგელი მიიღო. შეხვედრის მთავარი თემა უელსის ნატო-ს სამიტის შედეგები და ის პაკეტი იყო, რომელიც საქართველოს დაეხმარება ნატო-ს წევრობისთვის შემდგომ მომზადებასა და უსაფრთხოებისა და თავდაცვის გაძლიერებაში. საუბრისას, ხაზგასმით აღინიშნა, რომ აშშ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია და მხარს უჭერს მის ჩრდილოატლანტიკურ ინტეგრაციას. ჩაკ ჰეიგელმა ამერიკის მთავრობის სახელით მადლობა გადაუხადა ქვეყნის პირველ პირს ISAF-ის მისიაში ქართველი სამხედრო მოსამსახურეების მიერ შეტანილი წვლილისთვის. მხარეებმა უკრაინაში შექმნილი ვითარებაც განიხილეს, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით ისაუბრეს და საქართველო-რუსეთის ურთიერთობაზე იმსჯელეს.
საქართველოს პრეზიდენტმა, თავის მხრივ, მადლობა გადაუხადა აშშ-ის თავდაცვის მდივანს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და ქვეყნის მისწრაფებების მტკიცე მხარდაჭერისთვის. საუბარი შეეხო ორმხრივი ურთიერთობის განვითარებას და იმ კონკრეტულ პროექტებს, რომლებიც თავდაცვის სფეროში განხორციელდება.
ჩაკ ჰეიგელმა სახელმწიფოს მეთაურს აშშ-ის პრეზიდენტის მოკითხვა გადასცა და აღნიშნა, რომ ამერიკა კვლავაც გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას დემოკრატიის განმტკიცებისა და ჩრდილოატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში.
გიორგი მარგველაშვილისა და ჩაკ ჰეიგელის შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია, გენერალური შტაბის უფროსი ვახტანგ კაპანაძე, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინა იმერლიშვილი, საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი თენგიზ ფხალაძე, ადმინისტრაციის უფროსი დავით პატარაია და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აშშ-ში არჩილ გეგეშიძე.