6 სექტემბერს, ახალციხის ციხის (რაბათი) ტერიტორიაზე „მესხური ფესტივალი 2014“ გაიმართება. საქართველოს ძირძველი კუთხის, მესხეთის ისტორია და კულტურა, ფოლკლორი, ტრადიციად შემონახული, ხალხური რეწვის ნიმუშები, კვების პროდუქტები - ამ ყველაფრის ნახვა, გაცნობა და დაგემოვნება ნებისმიერ მსურველს შეეძლება. ფესტივალი უკვე მეორე წელია ახალციხეში, ადგილობრივი ტელეკომპანია ,,მეცხრე არხის“ ორგანიზებით იმართება.
მესხური ფესტივალის ფარგლებში ახალციხე „მარნეულის სასურსათო ქარხნის“ „მწნილისა და მურაბის ფესტივალსაც“ უმასპინძლებს.
მარნეულის „მწნილისა და მურაბის ფესტივალს“ გახსნის და მუსიკალურ პროგრამას წაიყვანს ფოლკლორული ანსამბლი „მოძახილი“. ბავშვები კი ტკბილ და ამავე დროს ზღაპრულ სამყაროში გადაინაცვლებენ, სადაც მათ ტკბილეული და საყვარელი ზღაპრის გმირები ელოდებათ. ფესტივალზე მოსულ სტუმრებს ოჩოფეხებიანი ანიმატორები და ქუჩის თეატრის მსახიობებიც გაართობენ.
ფესტივალზე ადგილობრივ მცხოვრებთან ერთად, ქალაქის სტუმრები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც მიიღებენ მონაწილეობას. „მწნილისა და მურაბის ფესტივალის“ ფარგლებში მოეწყობა მწნილისა და მურაბის კუთხეები, სადაც სტუმრებს „მარნეულის სასურსათო ქარხნის“ უგემრიელესი და ქართულ ნედლეულზე დამზადებული მწნილისა და მურაბის დაგემოვნების საშუალება ექნებათ. ფესტივალზე „მარნეულის სასურსათო ქარხნის“ პროდუქცია სპეციალურ ფასადაც გაიყიდება.