ექსპერტი პრემიერის ინიციატივას დადებითად აფასებს

ექსპერტი პრემიერის ინიციატივას დადებითად აფასებს

მიხეილ თოქმაზიშვილის განცხადებით, გარემოს დაბინძურების წინააღმდეგ ბრძოლის ორი მიმართულება არსებობს – ცნობიერების ამაღლება და დაძალება.

“ცნობიერების ამაღლება ისეთი ეფექტური არ შეიძლება იყოს, როგორც ჯარიმების სისტემა. ჩვენ უნდა ვისწავლოთ ცხოვრება სუფთა გარემოში. ვფიქრობ, ჯარიმების ამოქმედება ეფექტური იქნება. გაიხსენეთ, არც ერთი მძღოლი და მგზავრი არ იკეთებდა ღვედს. მას შემდეგ კი, რაც ჯარიმები ამოქმედდა, ძალიან იშვიათად დაინახავთ ვინმეს ღვედის გარეშე. ანუ ეს მოქმედებს, ეფექტური სისტემაა”, - აღნიშნა თოქმაზიშვილმა.

მისივე განმარტებით, ეკოლოგიურად სუფთა გარემო ტურიზმის განვითარებასთან პირდაპირ კავშირშია. მისივე თქმით, უსაფრთხო გარემოზე ზრუნვა საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებაცაა.

“საქართველოში ტურიზმი გამოცხადებულია, როგორც ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებად და ამ თვალსაზრისით, განსაკუთრებული ყურადღება სწორედ ეკონოლოგიურ მდგომარეობას უნდა მიექცეს. გარემოს დაბინძურება არის ის, რაც უშუალოდ ზემოქმედებს ტურიზმის განვითარებაზე. თუ არ არის ეკოლოგიურად სუფთა გარემო, ბუნებრივია, ტურისტების მოზიდვაც გართულდება. ეს ერთ-ერთი მიმართულებაა, რომელიც აუცილებელს ხდის ზრუნვას გარემოზე. მეორე აუცილებლობა, რომელიც გარემოს უსაფრთხოებაზე არის მიმართული, არის საქართველოს ვალდებულება, რომ თვითონ ქვეყნის მოსახლეობისთვის გარემო იყოს უსაფრთხო. ეს ვალდებულება ჩაწერილია ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულებაში და ბუნებრივია, ამ თვალსაზრისით საქართველომ უნდა დასახოს გარკვეული ღონისძიებები”, - განაცხადა მიხეილ თოქმაზიშვილმა.

პრემიერის ინიციატივით, გარემოს დაბინძურებასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული სასჯელები და ჯარიმები მაქსიმალურად გამკაცრდება. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ამას ითვალისწინებს გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული კანონპროექტი, რომელიც პარლამენტს უახლოეს მომავალში წარედგინება.