სურსათის ეროვნულმა სააგენტომ კრიტიკული შეუსაბამობების აღმოჩენის გამო მცხეთასა და ბათუმში მდებარე სურსათის ობიექტებს საწარმოო პროცესი შეუჩერა.
ბათუმში,ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე შპს "რეზო და კომპანიას", რომელიც მზა კერძების წარმოება-რეალიზაციით არის დაკავებული, საწარმოში 5 კრიტიკულ შეუსაბამობასთან ერთად 20 არაკრიტიკული დარღვევა აღმოაჩნდა. კერძოდ: საწარმოში არ არის ცხოველური წარმოშობის სურსათის სათანადო ტემპერატურულ რეჟიმში დამუშავებისა და შენახვის პირობები; შენობა არ არის აღჭურვილი ვენტილაციის სისტემით; ინსპექტირების დროს აღმოჩნდა დიდი რაოდენობით მწერი და ტარაკანი; მზა სურსათის ღია წარმოების პროცესში ადგილი აქვს კონდენსატების დაგროვებას.
გარდა ჩამოთვლილი კრიტიკული დარღვევებისა, დაფიქსირდა ასევე არაკრიტიკული შეუსაბამობები. კერძოდ, შენობა არ არის იმგვარად მოწყობილი, რომ დაცული იყოს ჰიგიენური ნორმები და წესები; ბიზნესოპერატორმა ვერ წარმოადგინა სასმელი წყლის ხარისხის დამადასტურებელი ლაბორატორიული კვლვის ოქმები და ა.შ.
მცხეთაში მდებარე სახინკლე ი.მ "ანგელინა პაპიაშვილმა" ვერ წარმოადგინა ვეტერინარული მოწმობა - ფორმა N2, რის გამოც აღნიშნულ ბიზნესოპერატორს საწარმოო პროცესი შეუჩერდა.
ჩამოტვლილი დარღვევების გამო ორივე ბიზნესოპერატორი 1000-1000 ლარით დაჯარიმდა. შეუსაბამობების გამოსწორების შემდეგ, სურსათის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებით, ორივე მათგანს საწარმოო პროცესი აღუდგება.