სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი სახალხო დამცველს შეხვდა

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი სახალხო დამცველს შეხვდა

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი გიორგი მღებრიშვილი სახალხო დამცველს უჩა ნანუაშვილს შეხვდა. შეხვედრა სასჯელაღსრულების მინისტრის ინიციატივით, სახალხო დამცველის აპარატის ოფისში გაიმართა.

შეხვედრაზე მხარეებმა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში  ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხები განიხილეს და სამომავლო თანამშრომლობის გეგმებზე ისაუბრეს. გიორგი მღებრიშვილმა უჩა ნანუაშვილთან სასჯელაღსრულების სისტემაში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა. მინისტრის განცხადებით, მისთვის მნიშვნელოვანია სახალხო დამცველის პოზიცია და მასთან კოორდინირებულ თანამშრომლობას გეგმავს.

„ჩემი სურვილი იყო პირადად შევხვედროდი სახალხო დამცველს და ერთობლივად განგვეხილა სისტემის წინაშე მდგარი ყველა გამოწვევა. კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რომ ყველა ზომა იქნება მიღებული იმისათვის, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში სახალხო დამცველის აპარატის საქმიანობა შეუფერხებლად განხორციელდეს.“ – განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

ურთიერთთანამშრომლობის საჭიროებაზე ისაუბრა სახალხო დამცველმაც. „ეს იყო გაცნობითი ხასიათის შეხვედრა, საუბარი გვქონდა ყველა თემაზე, რომელიც პენიტენციურ სისტემაში აქტუალურია. იმედი მაქვს, ჩვენი რეკომენდაციები გათვალისწინებული იქნება“– განაცხადა სახალხო დამცველმა