„ეს უნიკალური შეთავაზებაა ფერმერისთვის - უაღრესად ხელმისაწვდომ ფასად დააზღვიოს მოსავალი სხვადასხვა ბუნებრივი რისკებისგან“ - პაატა ლომაძე, „ჯიპიაი ჰოლდინგის“ გენერალური დირექტორი
პროექტის ფარგლებში „ჯიპიაი ჰოლდინგი“ 300-ზე მეტ ადამიანს დაასაქმებს საქართველოს რეგიონებში.
მიმდინარე წლის 1 სექტემბრიდან საქართველოში ფერმერებისთვის აგროდაზღვევის საპილოტე პროგრამა ამოქმედდა, რომელსაც სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო ახორციელებს.
პროგრამის ფარგლებში აგროდაზღვევის სტიმულირების მიზნით, სახელმწიფო დააფინანსებს სადაზღვევო პრემიის დიდ ნაწილს (70%-დან 90%-მდე), ფერმერის მხრიდან კი უნდა გაფორმდეს სადაზღვევო პოლისი ამა თუ იმ კომპანიასთან, სადაც დაფიქსრიდება მისი ნაკვეთის მდებარეობა, მოსალოდნელი მოსავლის მოცულობა და ა.შ.
„ჯიპიაი ჰოლდინგი“, როგორც ერთ-ერთი წამყვანი კომპანია ამ სფეროში, აქტიურად ერთვება პროცესში და საქართველოს ყველა კუთხეში იწყებს შეთავაზებების გაკეთებას ფერმერებისთვის.
პაატა ლომაძე, „ჯიპიაი ჰოლდინგის“ გენერალური დირექტორი: „ეს უმნიშვნელოვანესი საპილოტე პროექტია აგროდაზღვევის განვითარებისთვის - ფერმერებს ეძლევათ უნიკლაური შესაძლებლობა ხელმისაწვდომ ფასად დააზღვიონ მოსავალი. სტიქიური მოვლენები ერთ-ერთი ყველა დიდი რისკია აგრობიზნესში. ხშირად ხდება, რომ მოსავალი სრულიად ნადგურდება ამა თუ იმ ბუნებრივი რისკითდა ფერმერი ან გლეხი რჩება შემოსავლის გარეშე. აგროდაზღვევა ერთადერთი მექანიზმია, რომ ფერმერმა მიიღოს ანაზღაურება, თუკი მოსავალი გაუნადგურდა და მომდევნო წელს კვლავ შეძლოს მოსავლის მოყვანა .
დიდი მნიშვნელობა ექნება იმას, რომ რაც შეიძლება მეტი ფერმერი ჩაერთოს ამ პროექტში. ეს საშუალებას მოგვცემს, დავაბალანსოთ რისკები და უკეთესი პორტფელი შევქმნათ. ჩვენ აქტიურად ვიწყებთ საინფორმაციო კამპანიას საქართველოს რეგიონებში; მნიშვნელოვნად გაიზრდება ასევე რეგიონში დასაქმებული კადრების რაოდენობა - ადგილობრივი კადრების პირველი ნაკადი ჩვენ უკვე მივიღეთ. ახლა მიმდინარეობს ტრენინგისა და გასაუბრების პროცესი.“
„ჯიპიაი ჰოლდინგი“ ერთ-ერთი პირველი კომპანიაა, რომელმაც აგროდაზღვევა შესთავაზა პოტენციურ მომხმარებელს. დღეს კომპანიაში რამდენიმე ასეული ფერმერია დაზღვეული. მხოლოდ 2014 წლის პირველი ორი კვარტლის განმავლობაში 400,000 ლარზე მეტი აუნაზღაურდა ფერმერებს სეტყვით მიყენებული ზარალისთვის.
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ აგროდაზღვევის პორტფელი მოიცავს შემდეგი კულტურების დაზღვევას: ხორბლის, ქერისა და სიმინდის მოსავლის დაზღვევა, ვაშლისა და ატმის მოსავლის დაზღვევა, მანდარინის დაზღვევა, ვენახის დაზღვევა, თხილის ნარგავებისა და კარტოფილის დაზღვევა.