დასავლეთ საქართველოში  25 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება

დასავლეთ საქართველოში 25 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება

საქართველოს სამთავრობო დელეგაცია სოფლის მეურნეობის მინისტრის, ოთარ დანელიას ხელმძღვანელობით ჩინეთში იმყოფება. ქართული დელეგაცია, რომლის შემადგენლობაში სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი, ლევან შონია, სენაკის გამგებელი, გოჩა დგებუაძე და რეგიონის სხვა წარმომადგენლები შედიან, აქტიურად მართავს შეხვედრებს ჩინეთის სამთავრობო წრეებთან და კერძო სექტორის  წარმომადგენლებთან.

ჩინეთის განვითარების ბანკის რეგიონალურ ხელმძღვანელთან შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს სასოფლო-სამეურნეო საკითხების ფართო სპექტრი. ლიზინგის, სოფლის მეურნეობის დაკრედიტების ეფექტური სისტემის და საკონსულტაციო მომსახურების განვითარების მნიშვნელობაზე საუბრისას მხარეებმა განსაკუთრებული ხაზი გაუსვეს ამ მიმართულებებში ჩინური ინვესტიციის მოზიდვის შესაძლებლობებს.

ჩინეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ქალაქ ურუმჩიში ხელი მოეწერა თანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს ჩინური მხარის მიერ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში სოფლის მეურნეობაში 20-დან 25 მილიონ აშშ დოლარამდე ინვესტიციის განხორციელებას. მემორანდუმით განსაზღვრულია ინვესტიციების ჩადება სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოყვანის, მეთევზეობის, მეცხოველეობის, მეჩაიეობის,  სამაცივრე მეურნეობების, ინფრასტრუქტურის განვითარებისა და აგრო-ტურიზმის მიმართულებით.