უკვე რამდენიმე კვირაა, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო საზოგადოებას აწვდის ინფორმაციას რამდენიმე მოშიმშილე პატიმრის შესახებ და მკაფიოდ აცხადებს, რომ შიმშილობის მიზეზი და საფუძველი სცდება სამინისტროს კომპეტენციას. ამავდროულად, განვმარტავთ, რომ შიმშილობა დემოკრატიულ საზოგადოებაში გამოხატვის თავისუფლების ერთ-ერთი გავრცელებული ფორმაა, რომელიც არამარტო სასჯელაღსრულების სისტემაში, არამედ სამოქალაქო საზოგადოებაში აქტიურად გამოიყენება.
პროტესტის ამგვარი სახე მსოფლიო პენიტენციური სისტემის ერთგვარი გამოწვევაა. ამდენად, საკითხს მაქსიმალური ყურადღება ექცევა სამინისტროს ხელმძღვანელი პირების მხრიდან, რაც გამოიხატა შიმშილობის მართვის შესაბამისი სტანდარტის შემუშავებითა და ამ პროცესში სამედიცინო პერსონალის ჩართულობის გაზრდით. სასჯელაღსრულების დაწესებულებებში პროტესტის ამგვარი გამოვლინება იმართება და რეგულირდება სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის, 2013 წლის 4 ივლისის N169 ბრძანებით. მას შემდეგ, რაც სისტემაში ფიქსირდება შიმშილობის შემთხვევა და დგება შესაბამისი ოქმი, სამედიცინო პერსონალი ყოველდღიურ რეჟიმში აკონტროლებს მოშიმშილის ჯანმრთელობას, განუმარტავს მას შიმშილობის მოსალოდნელ შედეგს და სთავაზობს, შეწყვიტოს პროტესტის გამოხატვის ამგვარი ფორმა.
აღნიშნულმა პრობლემამ უკვე მანკიერი სახე შეიძინა და იქცა არა პროტესტის გამოხატვის, არამედ საზოგადოებისა და განსაკუთრებით, მედიით მანიპულირების საშუალებად. სასჯელაღსრულების დაწესებულებაში განთავსებული პირები ავრცელებენ არასწორ ინფორმაციას, რომლის ტირაჟირებას მედია უნებურად ხელს უწყობს, ეს კი, თავის მხრივ, ამწვავებს საკითხს და ზრდის არალეგიტიმური მოთხოვნების დაკმაყოფილებისა თუ სხვა მიზნებით წამოწყებული შიმშილობების რიცხვს.
კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ სამინისტროს მთავარი მიზანია, დაცული იყოს მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა უფლებები, მათი უსაფრთხოება და ჯანმრთელობა. ჩვენ ვაცნობიერებთ იმ გარემოებას, რომ მედიის წვლილი მნიშვნელოვანი და ფასდაუდებელია სახელმწიფოს განვითარების პროცესში და მოვუწოდებთ ყველა მედიასაშუალებას, ხელი შეუწყონ პენიტენციური სისტემის ჯანსაღ ფუნქციონირებას და მსგავსი ფაქიზი თემების გაშუქებისას, იხელმძღვანელონ სახელმწიფოებრივი ხედვით.