აგროდაზღვევის პროგრამის განხორციელება იწყება

აგროდაზღვევის პროგრამის განხორციელება იწყება

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო  პირველი სექტემბრიდან აგროდაზღვევის პროგრამის განხორციელებას  იწყებს.

აგროდაზღვევის პროგრამაში მონაწილეობის სურვილი საქართველოში ლიზენზირებულმა სადაზღვევო კომპანიებმა გამოთქვეს. დღეს სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოსა და სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგის, ალდაგი, აი სი ჯგუფს, ირაოსა და ქართუს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

სადაზღვევო კომპანიები ვალდებულებას იღებენ, რომ პროექტში მონაწილე ფერმერს გაუფორმონ აგროდაზღვევის ხელშეკრულება.  დამზღვევი ვალდებულია სადაზღვევო პოლისით გათვალისწინებული სადაზღვევო პრემიის ნაწილი გადაიხადოს სადაზღვევო პოლისის გაცემისთანავე. სადაზღვევო პრემიის დარჩენილი ნაწილის გადახდას უზრუნველყოფს სააგენტო.  სააგენტოს მიერ ერთ დამზღვევზე გადასახდელი სადაზღვევო პრემიის თანადაფინანსების თანხა არ უნდა აღემატებოდეს 30 000, ხოლო სასოფლო–სამეურნეო კოოპერატივებზე  50 000 ლარს.

პროგრამის ფარგლებში, დასაზღვევად მიიღება მხოლოდ ისეთი  მიწის ნაკვეთები, რომლებზეც წარდგენილია საკადასტრო კოდი ან აზომვითი ნახაზი ან GPS კოორდინატები.

დაზღვევის პროგრამის შესაბამისად ანაზღურებას  ექვებდებარება დაზღვევის ობიექტისათვის მიყენებული ზიანი, რომელიც გამოწვეულია: სეტყვისგან, ჭარბი ნალექისგან, ქარიშხალისგან და საშემოდგომო ყინვისგან.  

აგროდაზღვევის პროგრამის მიზანი აგროსექტორში სადაზღვევო ბაზრის განვითარება, სასოფლო–სამეურნეო საქმიანობის ხელშეწყობა, სასოფლო–სამეურნეო სფეროში დასაქმებული პირების კონკურენტუნარიანობის ამაღლება, სასოფლო–სამეურნეო საქმიანობით დაკავებული პირებისთვის შემოსავლის შენარჩუნება და რისკების შემცირება.

პროექტის ბიუჯეტი 5 მილიონი ლარია. აგროდაზღვევის საპილოტე პროგრამის განხორციელება  1-ლი სექტემბრიდან დაიწყო და ერთი წლის განმავლობაში გაგრძელდება.