დავით უსუფაშვილი ჟურნალისტებს პარლამენტის შენობას დაათვალიერებინებს

დავით უსუფაშვილი ჟურნალისტებს პარლამენტის შენობას დაათვალიერებინებს

პარლამენტის საშემოდგომო სესია ბიუროს სხდომით ხვალ, თბილისში რუსთაველის გამზირზე მდებარე ისტორიულ შენობაში გაიხსნება, თუმცა, მანამდე, დღეს, მედიის წარმომადგენლებს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი  განახლებულ შენობაში უმასპინძლებს.

for.ge-ს ინფორმაციით, დავით უსუფაშვილი ჟურნალისტებს 13:00 საათზე მიიღებს   და შენობას დაათვალიერებინებს, რომლის რემონტიც სახელმწიფო ბიუჯეტს დაახლოებით 23 მლნ ლარი დაუჯდა.

ამ დროისთვის, საკომიტეტო დარბაზების გარდა, გარემონტებულია სხდომათა დარბაზი, სამუშაო კაბინეტები და მოეწყო მედია-ცენტრი,  სადაც განთავსებულია ექვსი სარეჟისორო და ერთი სააპარატო ტელე-ცენტრი.

სანამ, მედიის წარმომადგენლებს დავით უსუფაშვილი მიიღებს და საკანონმდებლო საქმიანობის სამომავლო გეგმების შესახებ მოგვაწოდებს ინფორმაციას, მანამდე for.ge რამდენიმე ფოტოს შემოგთავაზებთ. მათ შორის, განახლებული სხდომათა დარბაზის.

შეგახსენებთ, რომ თბილისში მდებარე პარლამენტის შენობაში ორი წლის შემდეგ, პირველი საკომიტეტო სხდომები გაიმართება. წინა ხელისუფლების გადაწყვეტილებით, საპარლამენტო ქალაქი ქუთაისი გახდა, სადაც დეპუტატებმა საქმიანობა 2012 წლის 1-ელი ოქტომბრის არჩევნების შემდეგ დაიწყეს. იქედან გამომდინარე, რომ კონსტიტუციის 48-ე მუხლის მიხედვით, საქართველოს პარლამენტის ადგილსამყოფელი - ქუთაისია, უწყება დედაქალაქში მხოლოდ საკომიტეტო მოსმენებსა და ბიუროს სხდომებს გამართავს, პლენარული სხდომები კი, ქუთაისში მდებარე გამჭირვალე შენობაში ჩატარდება, რომლის მშენებლობაც წინა მთავრობის დროს, 340 მლნ ლარი დაჯდა.