სურსათის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილმა პირებმა ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაბა კაზრეთში სასმელი წყლის 4 სინჯი აიღეს.
ლაბორატორიული კვლევის შედეგებით დადგინდა, რომ სასმელი წყლის 2 სინჯში პესტიციდების საერთო შემცველობა აღემატება საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის №58 დადგენილებით დამტკიცებულ „სასმელი წყლის ტექნიკური რეგლამენტის" მოთხოვნებს, კერძოდ:
1. დაბა კაზრეთის N157 კორპუსის ბინა N3-ში აღებულ სასმელ წყალში პესტიციდების საერთო შემცველობამ, ნაცვლად 0,05 მგ/ლ-სა, შეადგინა 0,14 მგ/ლ;
2. დაბა კაზრეთის I მიკრორაიონის N97/3 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე სასმელ წყალში პესტიციდების საერთო შემცველობამ, ნაცვლად 0,05 მგ/ლ-სა, შეადგინა 0,3 მგ/ლ.
ამდენად, წყალი ამგვარი ქიმიური შემადგენლობით არ არის უვნებელი და წარმოადგენს პოტენციურ საფრთხეს ადამიანის ჯანმრთელობისათვის.
სურსათის ეროვნული სააგენტო ურჩევს დაბა კაზრეთის N157 კორპუსსა და I მიკრორაიონის N97/3 კორპუსში მცხოვრებ მოსახლეობას, არ გამოიყენოს წყალი სასმელად და სურსათის მოსამზადებლად წყლის მიმწოდებელი ორგანიზაციის მიერ შესაბამისი ღონისძიებების გატარებამდე.