საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა თენგიზ ფხალაძემ უელსის ნატოს სამიტთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გამართა.
თენგიზ ფხალაძის განცხადებით უელსში საქართველოს დელეგაციას საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი უხელმძღვანელებს, დელეგაციის შემადგენლობაში საქართველოს საგარეო საქმეთა და საქართველოს თავდაცვის მინისტრები იქნებიან, აგრეთვე ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებშიინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები და საქართველოს ელჩები ნატოსა და დიდ ბრიტანეთში.
პრესკონფერენციაზე თენგიზ ფხალაძემ საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრებზეც ისაუბრა, რომლებიც ლონდონში სამიტის დაწყებამდე გაიმართება: „ 3 სექტემბერს გიორგი მარგველაშვილი ევროპის რეკონსტრუქციისადა განვითარების პრეზიდენტს შეხვდება, ასევე ქვეყნის პირველი პირი სიტყვით გამოვა საერთაშორისო საქმეთა სამეფო ინსტიტუტში. გიორგი მარგველაშვილი ინგლისში ვიზიტისას საერთაშორისო მედიის წარმომადგენლების შეკითხვებსაც უპასუხებს.", - განაცხადა თენგიზ ფხალაძემ.
თენგიზ ფხალაძის თქმით, უელსის სამიტზე საქართველო ღირსეულად იქნება წარმოდგენილი. გიორგი მარგველაშვილი სამიტის ფარგლებში ნატოს გენერალურ მდივან ანდრეს ფოგ რასმუსენსა და ძირითადი პარტნიორი ქვეყნების ლიდერებსაც შეხვდება.
„ჩვენი ამოცანაა უელსის სამიტის შემდეგ გაიზარდოს საქართველოს დაცულობის ხარისხი, ეს სამიტი უნდა გახდეს უაღრესად მნიშვნელოვანი ეტაპი, სადაც არა მხოლოდ საქართველოს მიღწევების აისახება, არამედ საქართველოს ნატოში გაწევრიანებას მიეცემა ბიძგი. ქვეყნის მთავარი ამოცანა ალიანსში გაწევრიანებაა, უნდა მოვნახოთ ყველა მექანიზმი, რომლებიც ამ პროცესს დააჩქარებს.", - აღნიშნა თენგიზ ფხალაძემ.
საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლის განცხადებით, მთავარი მნიშვნელობა შინაარსს აქვს და არა ფორმას, საჭიროა „საქართველოს მეტი ჩაბმულობა ნატო-ში და ნატო-ს მაქსიმალური ჩაბმულობა საქართველოში"-განაცხადა ფხალაძემ.