საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შექმნილ სოლიდარობის ფონდსა და „ლიბერთი ბანკს“ შორის ნებაყოფლობითი დონაციის შესახებ მემორანდუმი გაფორმდა.
დოკუმენტს „საქართველოს სოლიდარობის ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა მარიამ ჯაშმა და „ლიბერთი ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა გიორგი არველაძემ მოაწერეს ხელი.
მემორანდუმის მიზანია, საქართველოში მცხოვრები სოციალურად განსაკუთრებულად დაუცველი ან კატასტროფული სოციალური დანახარჯების რისკის წინაშე მდგარი პირებისთვის სათანადო ალტერნატიული რესურსების შექმნა და ნებაყოფლობით საწყისებზე, სათანადო რესურსების მობილიზაცია სოციალური პასუხისმგებლობის გადანაწილების პრინციპის დაცვით.
მემორანდუმის ფარგლებში, ბანკის არხები გამოყენებულ იქნება სოლიდარობის ფონდისათვის თანხების შეგროვების ხელშეწყობის მიზნით, ხოლო ბანკის რამოდენიმე პროდუქტის შემოსავლის ნაწილი ფონდს გადაერიცხება რეგულარულად.
აღნიშნული მემორანდუმით სოლიდარობის ფონდში შესაძლებელია როგორც ინდივიდუალური ნებაყოფლობითი დონაციების განხორციელება, ასევე „ლიბერთი ბანკის“ მხრიდან კორპორაციული დონაციები.
კერძოდ, მოქალაქეთა ინდივიდუალური ნებაყოფლობითი დონაციები ორი ძირითადი საბანკო ოპერაციით იქნება შესაძლებელი:
1.პირველი მექანიზმი ე.წ. ავტომატური დავალებაა. ლიბერთი ბანკის საშუალებით ნებისმიერ მომხმარებელს, იმის მიუხედავად, არის თუ არა ბანკის სახელფასო პროგრამაში ჩართული, ეძლევა შესაძლებლობა სრულიად უფასოდ ავტომატური დავალების საშუალებით ყოველთვიურად გარკვეული თანხა გადარიცხოს ფონდის ანგარიშზე.
2.მეორე ინსტრუმენტით, ლიბერთი ბანკის ფილიალებში კომუნალური გადახდების განხორციელებისას, ბანკი უზრუნველყოფს კლიენტის სურვილისამებრ, ნებაყოფლობით გადახდილი მცირე დონაციების ‘საქართველოს სოლიდაროსბი ფონდის“ საბანკო ანგარიშზე გადარიცხვას.
გარდა ამისა ლიბერთის ექსპრეს ფულადი გზავნილი, Magic Card, SmartPAY, და PAY საგადამხდელო სისტემა სოლიდარობის ფონდის სპონსორი ხდება:
a. Liberty Express გზავნილების მომსახურების საკომისიოდან მიღებული თანხის 5% მიემართება სოლიდარობის ფონდის ანგარიშზე;
b. მეჯიქ ქარდის (Magic Card) მფლობელ(ებ)ის მიერ ყოველ განხორციელებულ მეათასე ოპერაციაზე დახარჯულ თანხას ბარათის მფლობელთან ერთად, ეხლა უკვე სოლიდარობის ფონდიც მიიღებს.
c. სმარტფეის (SmartPAY) მომხმარებლ(ებ)ის მიერ მობილური ტელეფონის საშუალებით, ანგარიშზე ნაშთის თითოეული შემოწმებისას 2 (ორ) თეთრი სოლიდარობის ფონდის ანგარიშზე გადაირიცხება.
d. PAY საგადამხდელო სისტემით ლიბერთი ბანკის ბარათით პოს ტერმინალ(ებ)ის მეშვეობით განხორციელებული ყოველი გადახდიდან ბანკი 5 თეთრს გადარიცხავს სოლიდარობის ფონდში.
„სოლიდარობის ფონდის მხარდაჭერა ლიბერთი ბანკისათვის ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სოციალური პროექტია. დიდი იმედი გვაქვს, რომ მნიშვნელოვან წვლილს შევიტანთ ფონდისათვის სახსრების მობილიზებაში და თითოეული სიცოცხლის შენარჩუნებაში“, განაცხადა ლიბერთი ბანკის გენერალურმა დირექტორმა გიორგი არველაძემ
სოლიდარობის ფონდმა ერთის მხრივ, დონაციის მსურველთაგან, ხოლო მეორეს მხრივ, ადამიანებისგან, რომლებსაც დახმარება სჭირდებათ, განაცხადების მიღება 25 აგვისტოს დაიწყო.