სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სასწავლო ცენტრი ორი დღის განმავლობაში სასჯელაღსრულების დეპარტამენტის, პრობაციის ეროვნული სააგენტოს, საქართველოს პროკურატურისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს უმასპინძლებს.
სასწავლო ცენტრში 26-27 აგვისტოს ზემოთჩამოთვლილი სტრუქტურების მაღალი რანგის მენეჯერთათავის სამსახურეობრივი ეთიკისა და ლიდერობის თემაზე სემინარი ჩატარდება, რომელსაც ამერიკელი ექსპერტები, დოქტორი ლარი ეშლოკი და დოქტორი ლოფტინ ვუდილი 2 დღის მანძილზე წარუძღვებიან.
ღონისძიების ოფიციალურ გახსნას ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოადგილე ნიკოლას ბერლინელი და INL-ის დირექტორი ქ-ნი ტრეისი ნიუველი INL-ის დაესწრნენ, რაც ხაზს უსვამს ღონისძიების მნიშვნელობას იმ სისტემების შემდგომი განვითარებისათვის, რომლებიც ჩართული არიან აღნიშნულ ტრენინგში.
ღონისძიების მიზანია მონაწილეთათვის სამსახურებრივი ეთიკისა და ლიდერობის უნარ-ჩვევების გაუმჯობესების ხელშეწყობა და აღნიშნულ თემაზე გამოცდილების გაზიარება.
როგორც საქართველოში აშშ-ის ელჩის მოადგილემ, ნიკოლას ბერლინელმა აღნიშნა, აშშ-მა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დასახმარებლად 1 მილიონიანი პაკეტი გამოუყო. „ჩვენ ვეხმარებით ამ სფეროს წარმომადგენლებს შესაბამისი უნარების განვითარებაში, რომ საქმიანობისას ყურადღება გაამახვილონ ეთიკისა და მორალის ასპექტებზე. ამის გარდა, 30 ათასი დოლარი გამოიყო სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრისთვის ტექნიკისა და აღჭურვილობის შესაძენად. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი დახმარება ხელს შეუწყობს თქვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას, “_ აღნიშნა საქართველოში აშშ-ის ელჩის მოადგილემ.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილემ, ბესო დევდარიანმა განაცხადა, რომ ამერიკული მხარის დახმარებით გამართულ სემინარს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს თანამშრომლების გადამზადებისა და მათი პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარებისთვის.
აღნიშნული სემინარი ორგანიზებულია ამერიკის საელჩოს ანტინარკოტიკული და სამართალდამცავი პროგრამების ბიუროს (INL) თბილისის ოფისის მიერ, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრთან თანამშრომლობით.