დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, დავით შავლიაშვილმა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ 220-ადგილიანი მრავალპროფილიანი საუნივერსიტეტო კლინიკის მშენებლობა გახსნეს. ღონისძიებას მშენებელი ორგანიზაციის - შ.პ.ს. „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიის" ხელმძღვანელი პირებიც ესწრებოდნენ.
აღნიშნული კლინიკის კომპლექსი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხის ტერიტორიაზე აშენდება. ძირითად სტაციონალურ კორპუსში 7 ბლოკი განთავსდება. გარდა ამისა, მოეწყობა პათოლოგ-ანატომიის, კვებისა და ცენტრალური სამრეცხაო-სასტერილიზაციო კორპუსები, საგენერატორო და საქვაბე ნაგებობები. ამ ბლოკებიდან ნაწილი 5, ნაწილი კი - 2-სართულიანი იქნება.
ამავე ტერიტორიაზე, მოეწყობა აუდიტორიები და ბიბლიოთეკა, სადაც სამედიცინო პროფილის სტუდენტები და რეზიდენტები კვალიფიკაციის ამაღლებას შეძლებენ.
ამ ტიპის სამედიცინო დაწესებულების მშენებლობა მნიშვნელოვანი მოვლენაა სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის მაცხოვრებლებისთვის, რომლებსაც სტაციონარული მკურნალობისთვის ზუგდიდში ჩასვლა უხდებოდათ. ასევე, რეგიონული მრავალპროფილიანი საუნივერსიტეტო კლინიკა აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრებ ყველა პაციენტს მიიღებს. ისინი მაღალკვალიფიციურ სამედიცინო მომსახურებას უმოკლეს ვადაში მიიღებენ.
კლინიკაში სამკურნალოდ ჩამოყვანილი პაციენტების ოჯახის წევრების, ახლობლებისა და რეზიდენტებისთვის დაგეგმილია სასტუმროს მშენებლობა, სადაც მათთვის უზრუნველყოფილი იქნება კეთილმოწყობილი საცხოვრებელი გარემო. მოეწყობა სპორტული მოედნები, ავტოსადგომები, შიდა სავალი გზები, წყლის აუზები და სკვერები.
თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი საერთაშორისო სტანდარტების მქონე მრავალპროფილური საუნივერსიტეტო კლინიკის მშენებლობას, საქართველოს მთავრობის ინიციატივით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროები განახორციელებენ. მშენებლობის დასრულება 30 თვეში იგეგმება. პროექტის საერთო ღირებულება 41 მილიონ 264 ათას ლარს შეადგენს. დაფინანსების წყარო სახელმწიფო ბიუჯეტია. სამშენებლო სამუშაოებს შ.პ.ს. „სახელმწიფო სამშენებლო კომპანია" განახორციელებს.
რეგიონული საავადმყოფოს მშენებლობა სამშენებლო უსაფრთხოების წესების, გარემოსდაცვითი და სეისმური მოთხოვნების სრული დაცვით წარიმართება. მშენებლობაზე 50-მდე ადამიანი დასაქმდება და ძირითადი მუშახელი ადგილობრივი მოსახლეობიდან შეირჩევა. მშენებლობის დასრულების შემდეგ, სამედიცინო დაწესებულებაში, ტექნიკური და დამხმარე პერსონალის ჩათვლით, 600-მდე ადამიანი დასაქმდება, რაც ადგილობრივი მოსახლეობის კიდევ ერთი შემოსავლის წყარო გახდება.