ოთარ დანელიამ WWTG პლენარული შეხვედრა გახსნა

ოთარ დანელიამ WWTG პლენარული შეხვედრა გახსნა

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ  სასტუმრო „Radisson Blu”-ში, ღვინით ვაჭრობის მსოფლიო ჯგუფის (WWTG) პლენარული შეხვედრა გახსნა.  ღონისძიება 25-26 აგვისტოს თბილისში გაიმართება და მასზე ღვინით ვაჭრობასთან დაკავშირებული საკითხები განიხილება. სხდომას სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნოდარ კერესელიძე უხელმძღვანელებს. 27 აგვისტოს WWTG-ს პლენარული შეხვედრის  მონაწილეები კახეთის რეგიონში ღვინის ქარხნებს დაათვალიერებენ.

„დღევანდელი შეხვედრა  ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებაა - საქართველო ღვინით ვაჭრობის მსოფლიო ჯგუფის წლიურ შეხვედრას მასპინძლობს.  ჯგუფის წევრები არიან ღვინით ვაჭრობის წამყვანი ქვეყნები - აშშ, კანადა, ჩინეთი -  რომლებთანაც საქართველოს საექსპორტო ბაზრების გაფართოვების სურვილი აქვს“ - აღნიშნა ოთარ დანელიამ.

WWTG -ის თავმჯდომარეობის პერიოდში მთავარი კოორდინატორი ღვინის ეროვნული სააგენტოა. საქმიანობაში  ჩართულები არიან სოფლის მეურნეობის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების და საგარეო საქმეთა სამინისტროები.

„დღევანდელ შეხვედრას  ღვინის ეროვნული სააგენტო მასპინძლობს. ეს მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ საქართველომ შეძლოს ღვინის საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირება, აამაღლოს ქართული ღვინის ცნობადობა, და შესაბამისად, ღვინის ექსპორტის ზრდა. საქართველოს  საშუალება აქვს კარგი კომუნიკაცია დაამყაროს აღნიშნული ჯგუფის წევრ ქვეყნებთან. სხდომის მონაწილეებს მიეცემათ საშუალება გაეცნონ საქართველოს ღვინის მზარდ ინდუსტრიას, დააგემოვნონ ქართული ღვინოები და დარწმუნდნენ მის ხარისხში", - აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს ადმინისტრაციის უფროსმა ანდრო ასლანიშვილმა.

WWTG-ს თავმჯდომარეობის პერიოდში საქართველო წარმართავს ყველა მაღალი დონის საერთაშორისო მოლაპარაკებას ღვინით ვაჭრობის სფეროში.

ღვინით ვაჭრობის მსოფლიო ჯგუფი (WWTG) სახელმწიფოთა არაფორმალური გაერთიანებაა, რომლის მიზანი ორგანიზაციის წევრ ქვეყნებს შორის ღვინით ვაჭრობის გამარტივებაა.

WWTG-ს პლენარულ შეხვედრას ჯგუფის წევრი ქვეყნების  (აშშ, კანადა, არგენტინა, ჩილე, სამხრეთ აფრიკა, ავსტრალია, ახალი ზელანდია, საქართველო) სამთავრობო და კერძო სტრუქტურების მაღალი რანგის  და ასევე WWTG-ს დამკვირვებელი  ქვეყნების 100-მდე წარმომადგენელი ესწრება. ისინი  სავაჭრო მოლაპარაკებების, რეგულაციებისა და ბარიერების საკითხებს, ტრადიციულ ტერმინებს, წევრი ქვეყნების მიერ ორმხრივი მოლაპარაკებებისა და შეთანხმებების მიმდინარეობას და სხვა საკითხებს განიხილავენ.

საქართველო ღვინით ვაჭრობის მსოფლიო ჯგუფის თავმჯდომარე ქვეყანა მიმდინარე წლის აპრილში ერთი წლის ვადით გახდა. თავმჯდომარეობის აშშ-დან საქართველოზე გადმობარების ცერემონიალი 10-11 აპრილს ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში ჩატარებულ WWTG-ს ყოველწლიურ შუასასესიო შეხვედრაზე გაიმართა.