საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს მოქალაქეებს კონსტიტუციის დღეს ულოცავს

საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს მოქალაქეებს კონსტიტუციის დღეს ულოცავს

1995 წელს, დღევანდელ დღეს, საქართველოს პარლამენტმა მიიღო ქვეყნის უზენაესი კანონი - უმთავრესი სახელმწიფოებრივი დოკუმენტი.

 კონსტიტუცია საზოგადოების ერთიანობისა და სახელმწიფოს სტაბილურობის საფუძველია.

იგი ასახავს ხალხის საერთო მიზნებსა და მისწრაფებებს; თანაბრად იცავს თითოეული ადამიანის უფლებებს, მიუხედავად ყველა განსხვავებისა.

კონსტიტუცია წარმოადგენს ჩვენს ხელშეკრულებას ერთმანეთთან და სახელმწიფოსთან.

 უზენაესი კანონის განუხრელი ერთგულება და დაცვა დიდწილად განაპირობებს ქვეყნის სტაბილურობას, დემოკრატიულ განვითარებას,  ადამიანთა   მშვიდობიან თანაცხოვრებას.

 ამდენად, ჩვენს სახელმწიფოებრივ ბიოგრაფიაში 24 აგვისტო ძალზე ღირსშესანიშნავი თარიღია. მე, საქართველოს პრეზიდენტი - კონსტიტუციის დაცვის გარანტი, გულითადად გილოცავთ ამ დღეს და გპირდებით, რომ მუდამ ვიდგები თითოეული თქვენგანის უფლებათა და ქვეყნის ინტერესების სადარაჯოზე.