მიმდინარე წლის პირველ ნახევარში საქართველოდან სასურსათო ტვირთის მიწოდება გაიზარდა

მიმდინარე წლის პირველ ნახევარში საქართველოდან სასურსათო ტვირთის მიწოდება გაიზარდა

„როსსელხოდნადზორის“  ხელმძღვანელ სერგეი დანკვერტსა და საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელ ზურაბ ჩეკურაშვილს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა, - ინფორმაცია ამის შესახებ „როსსელხოდნადზორის“ ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსდა.

განცხადების თანახმად, სერგეი დანკვერტმა განაცხადა, რომ მიმდინარე წლის პირველ ნახევარში საქართველოდან სასურსათო ტვირთის მიწოდება გაიზარდა. ზურაბ ჩეკურაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აღნიშნული ზრდა იმ თანამშრომლობის შედეგიცაა, რომელიც „როსსელხოდნადზორსა“ და საქართველოს სურსათის ეროვნულ სააგენტოს შორის ჩამოყალიბდა.

„ზურაბ ჩეკურაშვილის განცხადებით, საქათველო მზადაა, გაზარდოს რუსეთში ციტრუსის, ატმის, ვაშლის, მსხლის, კომშის ექსპორტი და ასევე დაიწყოს ცხოველური წარმოების პროდუქციის მიწოდება, როგორიცაა ცხვრის ხორცი, ცოცხალი ცხვარი, კალმახი და თაფლი. ამასთან დაკავშირებით, საქართველო დაინტერესებულია რუსული თესლისა და გენეტიკური მასალის იმპორტით, ჯიშიანი პირუტყვის მოსაშენებლად“, - ნათქვამია „როსსელხოდნადზორის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

პრესრელიზის თანახმად, ზურაბ ჩეკურაშვილმა სერგეი დანკვერტს ასევე მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ტერიტორიაზე ღორის აფრიკულ ჭირთან ბრძოლის ზომების შესახებ. მხარეებმა ასევე განიხილეს ცოფის წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდები.