სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია და სამცხე ჯავახეთში სახელმწო რწმუნებული - გუბერნატორი აკაკი მაჭუტაძე ახალციხის მუნიციპალიტეტში ადგილობრივ ფერმერებს შეხვდნენ და სოფელ წნისში მდებარე შპს ,,საქართველოს ბიზნეს ზონი“-ს ყველისა და საწარმოები დაათვალიერეს. ოთარ დანელია ადგილზე გაეცნო ყველისა და კომბინირებული საკვების წარმოების პროცესს. ყველის საწარმოს წარმადობა დღეში 2,5 ტონა რძეს შეადგენს. იწარმოება 400-500 კგ-მდე ე.წ ,,იმერული“ ყველი. მომავალში იგეგმება ,,ტენილი“ და ,,ჩეჩილი“ სახეობის ყველის წარმოება. პროდუქციის რეალიზაციას კომპანია საქართველოში მოქმედ ყველა დიდ სუპერმარკეტში ახორციელებს. შპს ,,საქართველოს ბიზნეს ზონი“-მ აღნიშნული საწარმოების მშენებლობა დონორი ორგანიზაციების ხელშეწყობით განახორციელა. კომპანიამ სოფლის მეურნეობის სამინისტროს შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში სესხი აიღო და ამ ეტაპზე სამაცივრე მეურნეობის და ჰოლანდიური მაღალპროდუქტიული საქონლის თანამედროვე ფერმის მშენებლობას ახორციელებს.
,,საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა არის ჩვენი ყველაზე დიდი გამოწვევა. მნიშვნელოვანია, რომ ყველა ახალ საწარმოში დაინერგოს ის თანამედროვე სტანდარტები, რაც საშუალებას მოგვცემს წარმოებული პროდუქცია გავიტანოთ საერთაშორისო ბაზრებზე. აღნიშნული საწარმო ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება განვითარდეს თანამედროვე, ხარისხიანი წარმოება“, - განაცხადა ოთარ დანელიამ.
მინისტრმა და გუბერნატორმა სოფელ საყუნეთში საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დაფინანსებული პროექტის ,,ადგილობრივი მოსახლეობის განვითარების ინიციატივის“ ფარგლებში თანამედროვე, მაღალმოსავლიანი ჯიშებით 5 ჰა-ზე გაშენებული ვაშლის ინტენსიური ბაღი დაათვალიერეს. სადემონსტრაციო ბაღში წყლის რესურსების სწორი და ეკონომიური მართვისთვის, დამონტაჟებულია წვეთოვანი სარწყავი სისტემა. ვაშლის მოსავალმა 2013 წელს 6 ტონა შეადგინა, წელს კი 20 ტონა ვაშლის მოსავალს ვარაუდობენ.
სამცხე-ჯავახეთის რეგიონში სტუმრობისას, ოთარ დანელიამ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის დაქვემდებარებულ ახალციხის ზონალურ დიაგნოსტიკურ ლაბორატორიაში იმყოფებოდა. აღნიშნული ლაბორატორია თანამედროვე მატერიალურ-ტექნიკური ბაზით არის აღჭურვილი და ცხოველთა დაავადებების, მცენარეთა მავნე ორგანიზმების დიაგნოსტიკას და საკვები პროდუქტების ექსპერტიზას ახორციელებს.
დღესვე მინისტრი სოფლის მეურნეობის სამინისტროს ახალციხის რაიონულ საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის თანამშრომლებს შეხვდა და მუნიციპალიტეტში არსებული მდგომარეობის შესახემ ინფორმაცია მოისმინა. ოთარ დანელია შპს ,,მექანიზატორის“ ახალციხის სერვისცენტრშიც იმყოფებოდა, სადაც არსებული ტექნიკა დაათვალიერა და ცენტრის მიერ გაწეული სამუშაოების ანგარიში მოისმინა.