კოალიცია

კოალიცია "ქართული ოცნების" განცხადება

კოალიცია "ქართული ოცნების" შტაბი ყურადღებით ადევნებს თვალყურს ქ.ოზურგეთში მიმდინარე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის წინასაარჩევნო კამპანიას და მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებთ:

პატრიოტთა ალიანსის კანდიდატის ბატონი შოთა გოგიბერიძის ყველანაირი განცხადება, იმის თაობაზე, რომ მას მხარს უჭერს როგორც სრულიად კოალიცია ან მასში შემავალი რომელიმე სუბიექტი არის სიცრუე. მეტიც, კოალიცია ემიჯნება მის როგორც პოლიტიკურ ასევე ეკონომიკური განვითარების პროგრამებს.

ვაცხადებთ, რომ ეს ადამიანი იყო კოალიციაში შემავალი პარტიის "ეროვნული ფორუმის" წევრი და გვევლინებოდა როგორც "ეროვნული ფორუმის" თავმჯდომარე ქ.ოზურგეთში. როგორც შემდგომმა მოვლენებმა ცხადყვეს, მას ამოძრავებდა მხოლოდ და მხოლოდ პირადი ინტერესები და სწორედ ამიტომ დატოვა კოალიცია და გადავიდა იმ პარტიაში, რომელიც მას შეპირდა რომ წარადგენდა ქ.ოზურგეთის მერობის კანდიდატად;

ვუცხადებთ ქ.ოზურგეთის მოსახლეობას, რომ როგორც პარტია "ეროვნული ფორუმი" ასევე კოალიციაში შემავალი ყველა პარტია და "ქართული ოცნება" არ ითვლება მის მხარდამჭერად.;

კოალიცია "ქართული ოცნება" და მასში შემავალი ყველა სუბიექტი ერთმნიშვნელოვნად უჭერს მხარს მის მიერ წარმოდგენილ მერობის კანდიდატს ბეგლარ სიორიძეს

რაც შეეხება ორივე კანდიდატის მიერ შემოთავაზებულ პროგრამებს,  ბეგლარ სიორიძე წარმოადგენს ქ.ოზურგეთის განვითარების სახელმწიფო პროგრამას, რომლის მხარდამჭერიც არის როგორც კოალიცია "ქართული ოცნება", ასევე საქართველოს მთავრობა. ხოლო ბატონი შოთა გოგიბერიძის მიერ წარმოდგენილი პროგრამა არ შეესაბამება რეალურ შესაძლებლობებს. პროგრამების რეალურობა შეაფასეს ასევე ეკონომიკურმა ექსპერტებმა და დაასკვნეს, რომ  ბეგლარ სიორიძის მიერ წარმოდგენილი პროგრამა არის სახელმწიფოსთან თანხვედრაში და მისი აღსრულება არის სრულიად რეალური, რაშიც მას მხარს დაუჭერს საქართველოს მთავრობა.

და ბოლოს, კოალიცია ქართული ოცნება მოუწოდებს ქ.ოზურგეთის თითოეულ მაცხოვრებელს იყოს აქტიური 12 ივლისის არჩევნებში, ყურადღებით გაეცნოს ორივე კანდიდატის მიერ შემოთავაზებულ პროგრამებს და ისე მიიღოს გადაწყვეტილება.

ხმა მიეცით მომავალს!