აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში  დაფინანსებული  74 ახალი საწარმოს პრეზენტაცია

აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში დაფინანსებული 74 ახალი საწარმოს პრეზენტაცია

შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში დაფინანსებული 74 ახალი საწარმოს პრეზენტაცია  სასტუმროში „ჰოლიდეი ინნ“ გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში აღნიშნული საწარმოების  ფოტოგამოფენაც მოეწყო.

პროექტის ფარგლებში საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში დაფინანსდა როგორც 74 ახალი საწარმო, ასევე  გაძლიერდა/გაფართოვდა 500-ზე მეტი. შეიქმნა ახალი სამუშაო ადგილები. შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში დაფინანსებულია სოფლის მეურნეობის 30-ზე მეტი დარგი. 

გამომდინარე იქიდან, რომ მნიშვნელოვნად არის გაზრდილი საზოგადოებრივი ინტერესი შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში დაფინანსებული 74 ახალი საწარმოს მიმართ, სოფლის მეურნეობის სამინისტრო და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს.

საფინანსო ინსტიტუტების,  სამთავრობო და არასამთავრობო სექტორების და მედიის წარმომადგენლებისთვის პროექტის ფარგლებში დაფინანსებული 74 ახალი საწარმოს პრეზენტაცია სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორმა გიორგი ჩხეიძემ და პროექტის მენეჯერმა ირაკლი მოისწრაფიშვილმა გამართეს. პრეზენტაციაზე სტუმრებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს რეგიონებისა და დარგების მიხედვით გაცემული სესხებისა და  დაფინანსებული საწარმოების შესახებ.   სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ დავით ნატროშვილმა შემაჯამებელ გამოსვლაში სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ განხორციელებული და მიმდინარე პროექტების შესახებ ისაუბრა.

,,2013 წლიდან სახელმწიფოს ხელშეწყობით, სოფლის მეურნეობაში განხორციელებული პროექტების შედეგად, სოფლის მეურნეობის დარგის მიმართ ინტერესი სულ უფრო მეტად იზრდება. სოფლის მეურნეობის სამინისტრო დარგის განვითარებისთვის არაერთ უპრეცედენტო და მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს.  მათ შორის არის  შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტი, რომელიც წელიწადზე მეტია წარმატებით მიმდინარეობს“, - განაცხადა დავით ნატროშვილმა.

პრეზენტაციას სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ოთარ დანელია, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს უფროსი გიორგი მიშელაძე და ახალი საწარმოების დამფუძნებლებიც  ესწრებოდნენ.

სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს წარმომადგენლებმა პრეზენტაციის დროს იმ პროექტებზეც ისაუბრეს, რომელთა ფარგლებშიც სამომავლოდ მხოლოდ ახალი საწარმოების გახსნა იგეგმება. ეს პროექტებია: „გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსება“ და „აწარმოე საქართველოში“.