„ჯიპიაი ჰოლდინგის“ საჩივარი გაზეთების „ასავალ-დასავალი“, „პრაიმ თაიმი“ და საინფორმაციო სააგენტო „ნიუპრეს“-ის წინააღმდეგ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ დასაშვებად მიიღო. საქმე ეხება ვანის რაიონის სოფ. გორაში მცხოვრებ ქარჩხაძეების ოჯახის ისტორიას.
აღნიშნული ისტორია ვრცლად გააშუქეს მედიასაშუალებებმა ა.წ. მაისის დასაწყისში.
თინათინ სტამბოლიშვილი, „ჯიპიაი ჰოლდინგი საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი: „მედიასთან ურთიერთობაში ჩვენ ვაღიარებთ მთავარ პრინციპს - ვიყოთ ღია და გამჭვირვალე და არასდროს ვთქვათ უარი ინფორმაციის მიწოდებაზე. გაგებით ვეკიდებით ჩვენი კომპანიის თუ სადაზღვევო სექტორის საქმიანობის შესახებ გავრცელებულ დაუზუსტებელ ფაქტებსაც, რაც საკმაოდ ხშირია მედიაში - ყველა ჟურნალისტი ან რედაქტორი შეიძლება ვერ ერკვეოდეს ამ სფეროს სპეციფიკაში. თუმცა აღნიშნული ისტორიის გაშუქებისას რამდენიმე მედია საშუალებამ ფაქტების უგულებელყოფით პირდაპირ დაადანაშაულა კომპანია ადამიანის ტრაგედიაში. ჩვენი აზრით, აღნიშნულმა გამოცემებმა დაარღვიეს ჟურნალისტური პროფესიის და ეთიკის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპები და საჭიროდ ჩავთვალეთ, მიგვემართა ჟურნალისტური ეთიკის ქარტიისთვის და იქ განგვეხილა აღნიშნული საკითხი.“
მიუხედავად იმისა, რომ საქმე ერთი მოვლენის გაშუქებას ეხება, ჩვენ სამი სხვადასხვა განცხადება შევიტანეთ, ვინაიდან მიგვაჩნია, რომ არსობრივად განსხვავდება ჟურნალისტური ეთიკის დარღვევის ფაქტები. კერძოდ, საინფორმაციო სააგენტო „ნიუპრესი,“ რომელიც ინფორმაციის პირველწყაროა, მთელი დღის განმავლობაში გადამოწმების გარეშე ავრცელებდა ამ მძიმე ბრადლებას . გაზეთ „პრაიმ თაიმის“ მასალა კი მიზანმიმართულად ლახავს კერძო კომპანიის რეპუტაციას - მეტი თვალსაჩინოებისთვის სტატიაში გამოაქვს კომპანიის ლოგო, ხოლო სათაურით იმთავითვე ახდენს ფაქტებით მანიპულირებას. აღსანიშნავია, რომ „პრაიმ თაიმის“ სტატიაში „ჯიპიაი ჰოლდინგის“ პოზიციაც არის მოყვანილი, თუმცა მასალის ავტორს მაინც გამოაქვს „საბრალდებო დასკვნა“ ყოველგვარი კითხვის ნიშნის დასმის გარეშე. სტატიის გამოქვეყნების შემდეგ ჩვენ მივმართეთ „პრაიმ თაიმს“ და მივაწოდეთ დამატებითი დოკუმენტაცია, რაც მისცემდა მათ საკითხში უკეთ გარკვევის საშუალებას. იმედი გვქონდა, რომ მომდევნო ნომერში გამოცემა შეცდომისთვის ბოდიშს მოიხდიდა და ფაქტობრივ უზუსტობებს შეასწორებდა , თუმცა ეს ასე არ მოხდა.
განსაკუთრებით გვსურს აღვნიშნოთ გაზეთ „ასავალ-დასავალის“ სტატია, რომელშიც არა მხოლოდ ფაქტებია დამახინჯებული, არამედ გაჯერებულია სიძულვილის შემცველი ენით, ხოლო შინაარსი დისკრიმინაციული და შეურაცხმყოფელია. ჩვენი აზრით, მასალა ემსახურება ერთადერთ მიზანს - შელახოს მამუკა ხაზარაძის იმიჯი (სტატიაში უარყოფით კონტექსტსშია მოხსენებული მამუხა ხაზარაძე, როგორც „ჯიპიაი ჰოლდინგის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი) და დააზიანოს კერძო კომპანიის რეპუტაცია. ჩვენ ასევე მივმართეთ გაზეთ „ასავალ-დასავალს“ და მივაწოდეთ შესაბამისი დოკუმენტები, თუმცა მომდევნო ნომერში იმავე სტილითა და პათოსით აღსავსე მასალა ვიხილეთ .
ჩვენ შორს ვართ იმ აზრისგან, რომ ვუკარნახოთ მედიას, როგორ და რა მანერით გააშუქოს მოვლენები ან შეაფასოს ესა თუ ის ფაქტი, თუმცა მიგვაჩნია, რომ დაუმსახურებელ ბრალდებას რეაგირება სჭირდება. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქარტიის საბჭოს დამოკიდებულა გაზეთ „ასავალ-დასავალის“ სტატიების მიმართ, რომელიც შეიცავს შეურაცხმყოფელ შინაარსს და აღვივებს შუღლს.