ტრენინგი  სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრში

ტრენინგი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრში

27 მაისს, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრში, ირლანდიიდან მოწვეული ექსპერტის ხელმძღვანელობით, სპეციალური საშუალებების გამოყენებაში ტაქტიკური მომზადების ტრენინგი დაიწყო.

სწავლების მიზანია პატიმრობის კოდექსით დაშვებული სპეციალური საშუალებების გამოყენებისთვის ტრენერების მომზადება ადამიანის უფლებების საერთაშორისო და ეროვნული სტანდარტების გათვალისწინებით.  აღნიშნული ტრენერები მომავალში სისტემის სხვა უფლებამოსილ თანამშრომლებს გაწვრთნიან.

ირლანდიელი სპეციალისტი სწავლებას ქართველ ტრენერებთან ერთად წარმართავს. მათ შორისაა სასწავლო ცენტრის წარმომადგენელი მიხეილ ყუფარაძე, რომელიც პოლონეთში, კალიშეს სასჯელაღსრულების სამსახურის სასწავლო ცენტრის, საბრძოლო ხელოვნებისა და ტაქტიკური მომზადების საერთაშორისო სემინარის ერთ-ერთი გამარჯვებულია.

ტაქტიკური სწავლების ტრენინგი სასწავლო ცენტრის ხელმძღვანელთან, მაია ხასიასთან ერთად,  სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გრიგოლ გიორგაძემ გახსნა. ღონისძიებას ესწრებოდა ევროკავშირის პროექტის - „სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში” მენეჯერი სასჯელაღსრულების საკითხებში სოფიო ჯაფარიძეც. ტრენინგი ევროკავშირის აღნიშნული პროექტის მხადაჭერით ხორციელდება.

გრიგოლ გიორგაძე პარალელურად მიმდინარე, კიდევ ერთ ტრენინგს დაესწრო, რომლის ფარგლებში სასჯელაღსრულების სისტემის თანამშრომლები პატიმრობის კოდექსში შესულ ცვლილებებს ეცნობიან. ტრენინგი  სასწავლო ცენტრის ორგანიზებით, აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში მიმდინარეობს.