სოფლის მეურნეობის მინისტრმა შალვა ფიფიამ სან მარინოს საპატიო კონსულს დონატო ლანატის სოფლის მეურნეობაში დღეისათვის არსებული ვითარება გააცნო. შეხვედრას ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან დავითაშვილიც ესწრებოდა. როგორც მინისტრმა შეხვედრაზე აღნიშნა, საქართველოს მთავრობამ სოფლის მეურნეობა რეალურ პრიორიტეტად გამოაცხადა.
„ჩვენი ვალია, შევქმნათ მაქსიმალურად საინტერესო გარემო და ხელსაყრელი პირობები იმისათვის, რომ მოვიზიდოთ ინვესტიციები სოფლის მეურნეობაში. მიმდინარე პროექტებით ჩვენ მაქსიმალურად ხელს ვუწყობთ კერძო სექტორს, რათა მათ ხელი მიუწვდებოდეთ გრძელვადიან და შეღავათიან ფინანსებზე, რათა ჰქონდეთ მეტი სარგებლის მიღების შესაძლებლობა. წარმატებული ბიზნესი კი, ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას შეუწყობს ხელს“, - განაცხადა შალვა ფიფიამ.
შეხვედრაზე დონატო ლანატიმ აღნიშნა, რომ ბევრი სმენია იმ პოლიტიკის შესახებ, რომელსაც საქართველოს მთავრობა სოფლის მეურნეობის მიმართულებით ატარებს. ,,მივესალმები ხელისუფლების კურსს, რომელიც მიმართულია ისეთი პროექტების განხორციელებისკენ, რაც რეალურად შეუწყობს ხელს დარგის განვითარებას“, - განაცხადა კონსულმა.
სტუმარი განსაკუთრებით დაინტერესდა ღვინის ეროვნული სააგენტოს საქმიანობით. „ძირფესვიანად შევისწავლე ვაზისა და ღვინის ისტორია და თამამად შემიძლია განვაცხადო, რომ ქართული ვაზის ჯიშები უდაოდ გამოირჩევა უნიკალურობით და მრავალფეროვნებით. საქართველო ნამდვილად არის ვაზისა და ღვინის ქვეყანა. ქართული უნიკალური ჯიშები მსოფლიომ უნდა გაიცნოს. ჩვენ მზად ვართ აქტიურად ვითანამშრომლოთ ახლადშექმნილ სამეცნიერო-კვლევით ცენტრთან ამ კონკრეტული მიმართულებით“, - აღნიშნა დონატო ლანატიმ.
შეხვედრის ბოლოს, სანმარინოს საპატიო კონსულმა საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი სანმარინოში მიიწვია და აღნიშნა, რომ მოხარული იქნება უმასპინძლოს მას იტალიაში.
შალვა ფიფიამ მადლობა გადაუხადა სან მარინოს კონსულს მიწვევისა და მაღალი შეფასებისათვის და თვის მხრივ დააფიქსირა მზადყოფნა მაქსიმალურად ხელი შეუწყოს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავებას.