საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი და წყალუხვი მდინარის – ენგურის ენერგეტიკული პოტენციალის შესწავლა ჯერ კიდევ 1912 წელს დაიწყო, როდესაც სოფელ ჯვართან, ხუდონის კაშხლის ქვემოთ მდინარის წყლის დონისა და ჩამონადენის საზომი მოწყობილობა დამონტაჟდა. მას შემდეგ საუკუნეზე მეტმა განვლო და ხუდონჰესის პროექტის განხორციელება კვლავაც დილემად დარჩა.
პროექტის მოწინააღმდეგეების არგუმენტები სხვადასხვა დროს სხვადასხვა იყო. დღეს კი, როდესაც ჰესის მშენებლობის გაყინული პროცესი დაიძრა, გარემოსდაცვითი ორგანიზაციები პროექტთან დაკავშირებით ჩატარებული წინასწარი კვლევების არასანდოობასა და არაკვალიფიციურობაზე ალაპარაკდნენ.
როდესაც ერთ-ერთმა მედიასაშუალებამ ხუდონჰესის ძირითად მოწინააღმდეგე არასამთავრობო ორგანიზაცია "მწვანე ალტერნატივას" ანალიტიკოს ქეთი გუჯარაიძეს კვლევაში ჩართული ცნობილი მეცნიერების შესახებ ჰკითხა, მან განაცხადა:
"ცნობილია თუ არ არის ცნობილი ექსპერტი, ამას მნიშვნელობა არ აქვს სხვადასხვა გარემოებათა გამო. ცნობილი შეიძლება იყოს მკვლელი, თაღლითი ან უბრალოდ, ბრიყვი და უვიცი ადამიანიც კი... ჩვენ შეგვიძლია ვიმსჯელოთ ადამიანის ცოდნასა და გამოცდილებაზე და ასევე იმ სამუშაოს ხარისხზე, რომელიც ადამიანს (ან ორგანიზაციას) ამ დრომდე შეუსრულებია." - ეს არის ამონარიდი ქეთი გუჯარაიძის წერილიდან, რითაც მან ერთ-ერთი მედიასაშუალების კითხვებს უპასუხა.
ოპონენტები სოციალურ ქსელებში ამკვიდრებენ აზრს რომ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტიტუტების პრიორიტეტებში, ისეთები როგორიც არიან მსოფლიო ბანკი და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, ჰიდროენერგეტიკის დაფინანსება აღარ შედის.
თუმცა, სულ სხვა რამეს ამბობს მსოფლიო ბანკის მთავარი ტექნიკური სპეციალისტი ჟან-მიშელ დევერნეი საერთაშორისო ჰიდროენერგეტიკული ასოციაციისთვის (IHA) მიცემულ ინტერვიუში (2014 წლის 28 თებერვალი).
"მსოფლიო ბანკი მიიჩნევს, რომ ჰიდროენერგეტიკის მდგრადი განვითარება არის იმ პრობლემების გადაწყვეტა, რომელიც დაკავშირებულია სიღარიბის დაძლევასთან 2030 წლამდე განვითარებად ქვეყნებში. ამჟამად, მსოფლიო ბანკი დაახლოებით 100 პროექტს ანხორციელებს ჰიდროენერგეტიკული კომპონენტით, აქედან 40-ში ჰიდროენერგეტიკა ძირითადი კომპონენტია. ეს პროექტები ძირითადად აზიაში და აფრიკაში ხორციელდება და ასევე მცირე ზომით ცენტრალურ ევროპაშიც. ჩვენ საკმაოდ კარგად გვესმის მსოფლიოში გადანაწილებული პროექტების ტიპი და ზომა. ბანკს პორტფოლიოში როგორც მცირე ზომის პროექტები, ასევე დიდი, რამდენიმე ათას მეგავატიანი პროექტებიც აქვს."
ასეთივე პოზიცია გააჩნია ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს. მეტიც, ის განიხილავს რამდენიმე ჰიდროენერგეტიკული პროექტის დაფინანსებას საქართველოში და როგორც პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის და ევროპის განვითარებისა და რეკონტრუქციის ბანკის პრეზიდენტის სუმა ჩაკრაბატის შეხვედრის დროს გაირკვა ბანკს დაგეგმილი აქვს, რომ აქციონერთა შეკრება 2015 წელს საქართველოში ჩაატაროს.
რომელმა კომპანიებმა ჩაატარეს კვლევები ხუდონჰესის პროექტზე და რის საფუძველზე შევიდა ის მსოფლიო ბანკის 100 საუკეთესო ინფრასტრუქტურულ პროექტებს შორის? ვინ არიან ის სპეციალისტები რომლებმაც დასკვნა დადეს ამ უმნიშვნელოვანეს პროექტზე?
2005 წლიდან დღემდე ხუდონჰესთან დაკავშირებული კვლევები მსოფლიოში ცნობილმა კომპანიებმა ჩაატარეს. 9 წლის წინ, როდესაც მსოფლიო ბანკმა ტექნიკური დახმარების გრანტი 5 მილიონი აშშ დოლარი დაამტკიცა, სამი პარალელური კვლევის ჩასატარებლად სხვადასხვა ცნობილი კომპანიები მოიწვიეს.
ფრანგულ-იტალიური კომპანიებისაგან შემდგარმა კონსორციუმმა BRL/ARS პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასება (გზშ) ჩაატარა. შვეიცარულმა ერთობლივმა საწარმომ Stucky-Colenco-მ, რომელიც მსოფლიოში აღიარებულია დიდი კაშხლების დაპროექტების საქმეში, ხუდონის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა განახორციელა. ხოლო სერბულმა კომპანია SEEC-მა სტრატეგიული კვლევა წარმოადგინა, რომელიც მიზნად ისახავდა ალტერნატიული ენერგიის წყაროების პროგრამების განვითარების შეფასებას.
ზემოხსენებულმა კვლევებმა აჩვენეს, რომ ხუდონის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა არსებული ადგილმდებარეობით საუკეთესო ვარიანტს წარმოადგენდა. 2008 წელს კი Stucky-Colenco-მ კვლევის შედეგები საქართველოს მთავრობას, ენერგეტიკის სამინისტროს, საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფს, მსოფლიო ბანკის წარმომადგენლობას წარუდგინა და ძირითადი გეგმის შემუშავება მათი მოთხოვნების შესაბამისად დაასრულა. საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფი (პანელი), რომელმაც ზემოხსენებული კვლევები ჩაატარა, გამოჩენილი პროფესიონალებით იყო წარმოდგენილი: პროფ. ხუან ვალდესი - ჰიდროლოგიის ექსპერტი (აშშ), უილიამ მოულერი - საინჟინრო გეოლოგიის ექსპერტი (ავსტრალია) და დოქტორი ჰარალდ კროიცერი - ექსპერტი კაშხლების სფეროში (შვეიცარია). 2009 წლის ივნისში კი ჩატარებული კვლევების შედეგების შესაბამისად ხუდონჰესის პროექტი მსოფლიო ბანკის სიაში შეიტანეს. ხუდონის ჰიდროელექტროსადგურის პროექტი მსოფლიო 100 უდიდეს ინფრასტრუქტურულ პროექტთა სიაში აღმოჩნდა.
2009 წელს კომპანიამ Stucky and Colenco საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს დავალებითა და "მსოფლიო ბანკის" დაფინანსებით მოამზადა ხუდონის ჰიდროელექტროსადგურის პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება (მეორე ფაზა), რომელმაც ცხადყო, რომ პროექტი სიცოცხლისუნარიანია, თავდაპირველად შერჩეული უბანი შესაფერისია თაღოვანი კაშხლის მშნებლობისთვის და ამასთან საჭიროა ახალი გეოლოგიური კვლევებისა და დაზვერვების ჩატარება კვლევების მესამე ეტაპზე, კაშხლის პროექტის დასრულების მიზნით. ხუდონის ჰიდროელექტროსადგურის პროექტის განხორციელება შპს "ტრანს ელექტრიკამ" ითავა, რომელმაც 2012 წელს კომპანია "შტუკისთან" ახალი კვლევებისა და ძიების განსახორციელებლად კაშხლის ტიპის, ფორმისა და მოცულობის დასაბუთების მიზნით ხელშეკრულება გააფორმა.
შვეიცარიულ საკონსულტაციო კომპანია "შტუკის", რომელიც კაშხლების და ენერგეტიკული ნაგებობების გეოლოგის შესწავლაზეა ფოკუსირებული, მსოფლიოში საუკეთესო რეპუტაცია აქვს ამ სფეროში. განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი 80 წლიანი გამოცდილება დიდი კაშხლების, სპეციფიკაციით ორმაგი სიმრუდის თაღოვანი კაშხლების შესწავლაში, რომლის პიონერად ალფრედ შტუკი ითვლება. ხუდონის ახალი ორიგინალური ტექნიკური პროექტი სწორედ კომპანია "შტუკის" მიერ არის შემუშავებული.
კიდევ ერთი არგუმენტი, რითაც ხუდონის მოწინააღმდეგეები აპელირებენ, ხაიშის მოსახლეობის განსახლების გეგმის ბუნდოვანება და არაკვალიფიციურობაა. "ტრანსელექტრიკას" დაკვეთით აღნიშნულ გეგმას მსოფლიოში ცნობილი კანადური კომპანია "REPLAN" განახორციელებს. ის ლიდერია სოციალური ზემოქმედების შეფასებისა და მასთან დაკავშირებული მართვის გეგმების შემუშავებაში, ასევე განსახლებებისა და კონპენსაციების გეგმების მართვაში. "რეპლანი" ამ მიმართულებით 30 წელზე მეტია წარმატებულად მუშაობს 60-ზე მეტ ქვეყანაში. კომპანიის გუნდში 80-ზე მეტი პროფესიონალია, მათ შორის საზოგადოების ჩართულობის და განვითარების სპეციალისტები, სოციალური მეცნიერები, ინჟინრები, არქიტექტორები, იურისტები და ფსიქოლოგები. "რეპლანის" საქმიანობის სფეროა სოციალური ზემოქმედებისა და რისკების შეფასება, სოციალური მართვის გეგმების ჩამოყალიბება მიწის შეძენისა და განსახლების შემთხვევებში. ხუდონჰესის პროექტის ზემოქმედების არეალში მოქცეული მოსახლეობის განსახლების გეგმის მეორე ფაზას სწორედ "რეპლანი" შეიმუშავებს.
ხუდონის პროექტის განხორციელებაში "ტრანსელექტრიკამ" უცხოელ ექსპერტებთან ერთად სხვადასხვა სფეროს ყველაზე ცნობილი ადგილობრივი სპეციალისტებიც ჩართო.
ხუდონჰესის მშენებლობის ტერიტორიის სეისმური საშიშროების დეტალური კვლევა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიხეილ ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტმა 2013 წელს დაასრულა.
გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში ე.წ გზშ, რომლის გარშემოც დიდი აჟიოტაჟია შექმნილი, კავკასიის გარემოსდაცვითი ორგანიზაციების ქსელმა "CENN"-მა და გერმანულმა ERM-მა შეასრულეს.
როგორც "CENN"-ის პროექტის კოორდინატორმა რეზო გეთიაშვილმა გვითხრა, კვლევაში დარგის საუკეთესო ადგილობრივი და უცხოელი მეცნიერები ჩართეს. პროექტის მართვის გუნდი შედგებოდა შემდეგი კვალიფიკაციის მეცნიერებისაგან:
ნანა ჯანაშია - CENN MSc გარემოსდაცვით მეცნიერებასა და პოლიტიკაში.
კახა ბახტაძე _ MSc ბიოლოგიაში. ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების შეფასების სპეციალისტი.
გზშ-ს პროცესის მრჩევლები:
ნორბერტ რალშკე _ ERM-MSc გეოგრაფიაში. PhD დისტანციური ზონდირების საშუალებით GIS საფუძველზე ნიადაგის რუკების შეფასებაში.
ტომას ფლორენი _ ERM PhD ფიზიკაში და დამატებითი კვალიფიკაცია სამედიცინო ფიზიკაში; საერთაშორისო ექსპერტი გარემოსდაცვით და შესაბამისობის მართვაში.
ახიმ ბრონერი _ ERM-MSc გეოგრაფიაში, ექსპერტი სოციალურ დარგში; საერთაშორისო ექსპერტი გარემოსდაცვით და შესაბამისობის მართვაში.
ძირითადი ტექნიკური სპეციალისტები:
ირაკლი ქობულია (CENN) _ MSc გეოგრაფიაში ბუნებრივი რესურსების მართვა; ბუნებრივ რესურსებთან დაკავშირებული კვლევების მართვა.
თამარ მთვარელიძე (CENN ) _ MSc გარემოსდაცვით მეცნიერებასა და პოლიტიკაში, MSc გეოლოგიაში; გზშ–ის სპეციალისტი.
ნინო თევზაძე (CENN) _ MSc სოციოლოგიაში.
ჭიჭიკო ჯანელიძე, (CENN ) _ MSc/PhD გეომორფოლოგიაში.
უჩა ზვიადაძე _ კონსულტანტი MSc/PhD გეოგრაფიაში.
გზშ-ს კვლევაში სულ 32 ექსპერტმა და მეცნიერმა მიიღო მონაწილეობა.