16 მარტს ვაკის პარკში აქცია "გავიზარდეთ ვაკის პარკში" გაიმართა. ვაკის პარკის გადასარჩენად დაგეგმილი აქციის შესახებ ორგანიზატორმა, თორნიკე ანთიძემ მეგობრებს, ნაცნობებს, ვაკის მაცხოვრებლებს და თბილისის მოსახლეობას სოციალური ქსელების მეშვეობით შეატყობინა.
„ახალგაზრდები ჩვენი შესაძლებლობების სრული მობილიზებით ვებრძვით ვანდალიზმს მიმართულს ვაკის რეკრიაციული ზონის წინააღმდეგ. შევქმენით ფეისბუქ გვერდი „გავიზარდეთ ვაკის პარკში“, დაიწერა სიმღერა, დავამზადეთ მასზე ანიმაციური ვიდეო რგოლი „დაიცავი ვაკის პარკი“ და საკუთარი ხარჯებით და მეგობრების დახმარებით ორგანიზება გავუკეთეთ ამ ღონისძიებას. ეს ჩვენი რიგით პირველი აქციაა. არ შევჩერდებით. მას შემდეგ, რაც ამდენი ადამიანი გაერთიანდა, წარმოუდგენლად მიმაჩნია, რომ ვერ მივაღწიოთ იმ მიზანს, რაც დავისახეთ ,” - ამბობს თორნიკე ანთიძე.
აქციაზე შეკრებილი ასობით მოქალაქე, ახალგაზრდები ვაკის პარკთან მრავალსართულიანი სასტუმროს მშენებლობას აპროტესტებდნენ. აქციას პატარებიც შეუერთდნენ საპროტესტო პოსტერებით და საჰაერო მწვანე ბუშტებით.
ორგანიზატორმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს არის მშვიდობიანი აქცია, რომ მონაწილეები არ წარმოადგენენ რომელიმე კონკრეტულ ორგანიზაციას, მოძრაობას ან პოლიტიკურ პარტიას. ეს არის ვაკის რაიონის, თბილისელების მოთხოვნების გახმაურება.
„იმისთვის რომ გავიხსენოთ ბავშვობა, დავტკბეთ დღევანდელობით და შევუნარჩუნოთ მომავალი პარკს, სადაც უნდა გაიზარდონ ჩვენი შვილები, ისეირნონ ჩვენმა ბებიებმა, ბაბუებმა და ყველამ, ვისაც სურვილი ექნება. ვაკის პარკი არ არის ადგილი, სადაც უნდა აგვიშენონ უზარმაზარი შენობები. თუ ახლა არ შევუშალეთ ხელი ამ პრეცენდენტს, შესაძლოა, მომავალში ტერიტორიაზე სხვა მშენებლობებიც განხორციელდეს, რაც პარკს სარეკრეაციო ფუნქციას დაუკარგავს. მწვანე სივრცეების დიდი ნაწილი უბრალოდ აღარ არსებობს. ყოველივე ეს საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს. დროა, ჩვენი უბნის დაცვით დავიწყოთ და მივხედოთ ჩვენ ქალაქს, ჩვენს ქვეყანას. ნებართვის გაცემა სასტუმროს მშენებლობაზე გამოუსწორებელ ზიანს აყენებს ვაკის პარკის სარეკრეაციო ზონას. ნებისმიერი ინვესტიცია უნდა იყოს ხალხის კეთილდღეობაზე მორგებული და არ უნდა ემსახურებოდეს ვიწრო ჯგუფების ფინანსურ ინტერესებს,“ - აღნიშნა თორნიკე ანთიძემ.