15 მარტს კომპანია „შატო მუხრანი“, მუხრანბატონის მამულში ინკლუზიურ ექსკურსიას უმასპინძლებს. ღონისძიება ეკატერინე ტოგონიძის რომან „Aსინქრონის“ აქცია-პრეზენტაციისას დაიგეგმა (წიგნი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებს მიეძღვნა) – „შატო მუხრანი“ საღამოს ერთ-ერთი მხარდამჭერი იყო.
ტურის ფარგლებში 45 სტუმარი, მათ შორის სხვადასხვა ნოზოლოგიის და ასაკის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანი, მოინახულებს „შატო მუხრანის“ ვენახებს, სასახლეს, ულტრა თანამედროვე ღვინის ქარხანას, საჯინიბოს, ძველ მარნებს, გაეცნობიან მეღვინეობის უძველეს ტრადიციებს და კომპანიის ისტორიას. იგეგმება სხვადასხვა გასართობ-შემეცნებითი ღონისძიების ორგანიზება, სპორტული აქტივობა, ჩურჩხელების ამოვლება, უფროსებისათვის შატო მუხრანის პრემიალური კლასის ღვინოს დაგემოვნება და რა თქმა უნდა, მუხრანბატონის მამულში დღის ბოლოს ქართული სუფრა.
სოციალური პასუხისმგებლობა მნიშვნელოვანია კომპანია „შატო მუხრანისთვის“ - კომპანია მუდმივად ჩართულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანთა საზოგადოებაში ინტეგრაციის პროცესებში და ცდილობს ხელი შეუწყოს ინკლუზიური ტურიზმის განვითარებას.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებს მეგზურობას და კომპლექსის დათვალიერებაში დახმარებას სპეციალისტები და მოხალისეები გაუწევენ - ინკლუზიური ექსკურსია არასამთავრობო ორგანიზაციის „ვიმეგობროთ“ ეგიდით ხორციელდება.