2014 წლის იანვარ-თებერვლის მონაცემებით, ქართული ღვინის ექსპორტის მოცულობა თითქმის 3-ჯერ, 296% - ით გაიზარდა წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით.
მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში, 50-მდე ღვინის მწარმოებელი კომპანიის მიერ, საქართველოდან მსოფლიოს 18 ქვეყანაში ექსპორტირებულია 9 990 397 ბოთლი ღვინო.
ქართული ღვინის საექსპორტო ბაზრების პირველ ხუთეულში შედიან - რუსეთი, უკრაინა, ყაზახეთი, პოლონეთი და ლატვია. ექსპორტის მთლიან მოცულობაში 68%-ით ლიდერობს რუსეთი, სადაც იანვარ-თებერვალში 6 865 545 ბოთლია ექსპორტირებული.
„ღვინის ექსპორტის მაჩვენებელი მიუთითებს, რომ საერთაშორისო ბაზრებზე ქართული ღვინის მიმართ ინტერესი სულ უფრო მეტად იზრდება. ექსპორტის ზრდის დადებითი დინამიკის პარალელურად, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ახალი ბაზრების მოძიება, ასევე არსებულ ბაზრებზე ექსპორტის მაჩვენებლის გაზრდა. ამ მიმართულებით აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა ღვინის მწარმოებელ კომპანიებთან ერთად“, - აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ლევან დავითაშვილმა.