შესაძლოა, ხუდონჰესის საკითხზე სამთავრობო კომისია შეიქმნას

შესაძლოა, ხუდონჰესის საკითხზე სამთავრობო კომისია შეიქმნას

ხუდონჰესის მშენებლობის საკითხზე, შესაძლოა, სპეციალური სამთავრობო კომისია შეიქმნას. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ეკონომიკის სფეროს ექსპერტთა ნაწილის მიმართვას გაითვალისწინებს.

საუბარია ექსპერტთა ოთხეულის, ლევან კალანდაძის, ირაკლი ლექვინაძის, ლევან ალაფიშვილისა და გიორგი აბაშიშვილის ინიციატივაზე, რომელიც ხუდონის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის საკითხის ეფექტიან გადაჭრას  ემსახურება.  მათი განცხადებით, სამთავრობო კომისიის ძირითადი ფუნქცია მთელი სვანეთის, რეგიონის  მოსახლეობასთან კომუნიკაციის წარმოება უნდა იყოს და ასევე ყველა იმ საკითხის ოპერატიული გადაწყვეტა, რომელიც ხუდონჰესის პროექტის განვითარებასთან დაკავშირებით წარმოიქმნება.

თავად პრემიერ მინისტრს არაერთხელ აქვს დაფიქსირებული თავისი პოზიცია ხუდონჰესის უმნიშვნელოვანეს პროექტთან დაკავშირებით:

"დარწმუნებული ვარ, ინვესტორი კომპანია ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ მაქსიმალურად გამჭვირვალე იყოს ხუდონჰესის მშენებლობასთან დაკავშირებული ყველა პროცესი და განუმარტავს მოსახლეობას, თუ რას ითვალისწინებს ხუდონჰესის პროექტის მშენებლობა.

თავის მხრივ, მთავრობა და ენერგეტიკის სამინისტრო დეტალურ ინფორმაციას მიაწვდის მოსახლეობას ამ პროექტის მნიშვნელობის შესახებ და მისი პერსპექტივების თაობაზე, თუ რა სარგებელი შეიძლება მოუტანოს ამ პროექტმა ჩვენს ქვეყანას და ხალხს. ჩემი ინფორმაციით, ხუდონჰესის პროექტი ნამდვილად განსაზღვრავს ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობას. " _ აცხადებს პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.

ხუდონჰესთან დაკავშირებით სამთავრობო კომისიის  შექმნის შემთხვევაში  მასში  აქტიური მუშაობის მომხრეა სამეგრელო-ზემო სვანეთის ხელისუფლება, მათ შორის გუბერნატორი ლევან შონია და მესტიის გამგებელი კახა ჟორჟოლიანი, ასევე, მესტიის მაჟორიტარი დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე.

 "საჭიროება თუ იქნება, ჩავერთვები პროცესში და გავაკეთებ, რაც გასაკეთებელია. ჩემი რეგიონია და ჩემს ინტერესებშია ხუდონჰესის  საკითხი. ხალხი ნორმალურ პირობებში უნდა ცხოვრობდეს და სამუშაო ჰქონდეს. არ იქნება ცუდი ასეთი კომისიის შექმნა, მით უმეტეს,  თუ ის მოსახლეობასთან კომუნიკაციასაც შეუწყობს ხელს,"- განაცხადა ლევან შონიამ.

მესტიის გამგებელი კახა ჟორჟოლიანი აცხადებს, რომ ხუდონჰესის პროექტი საკმაოდ ვრცელი თემაა და ამ საკითხზე მრავალმხრივი მუშაობაა საჭირო. მისი თქმით,  სახელმწიფო დონეზე საკითხის შესწავლა ეფექტური  იქნება.

 "ეს იმდენად დიდი თემაა, რომ მთლიანად სახელმწიფო უნდა ჩერთოს მოსახლეობასთან  კომუნიკაციის საკითხში. თუ სახელმწიფოს დასჭირდება, სიამოვნებით ჩავერთვები ასეთი ჯგუფის მუშაობაში. ინიციატივას კარგად არ ვიცნობ, მაგრამ მზად ვარ ჩავერთო ყველა მოლაპარაკებაში, რომელიც ხუდონჰესის მშენებლობის საკითხს ეხება,"- განმარტა კახა ჟორჟოლიანმა.

მსგავსი პოზიცია აქვს სამთავრობო კომისიის შექმნის საკითხზე  სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრს სოზარ სუბარს. 

"რამდენადაც ვაკვირდები, ამ პროექტის განხორციელებაში საზოგადოების ჩართულობა ძალიან მაღალია. ენერგეტიკის სამინისტრო და მთავრობა მუდმივად გამოთქვამენ მზადყოფნას დიალოგისთვის. რაც შეეხება ახალი კომისიის შექმნას, მე არ ვარ იმდენად ჩახედული პროექტის დეტალებში, რომ მის საჭიროებაზე ვიმსჯელო.

ალბათ ენერგეტიკის სამინისტრო უფრო კომპეტენტური იქნება პასუხის გაცემაში. პირადად მე რასაც ვხედავ, როგორც ამ კუთხის წარმომადგენელი, მთავრობის წევრი თუ საზოგადოების რიგითი წევრი, ძალიან აქტიურია საზოგადოების ჩართულობა, როგორც მოსახლეობის, ისე ადგილობრივი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების. კარგი იქნება თუ ამაში ექსპერტებიც ჩაერთვებიან," _ განუცხადა "გურია ნიუსს" სოზარ სუბარმა.

მესტიის მაჟორიტარი დეპუტატი კი მიიჩნევს, რომ თუ პრემიერ-მინისტრი  სპეციალური კომისიის შექმნას დასთანხმდა, კომისია ქმედუნარიანი იქნება. 

"თუ სამთავრობო დონეზე მოხდება კომისიის შექმნა და პრემიერის ხელდასმით, რა თქმა უნდა  ქმედუნარიანი იქნება. ეს რიგითი კომისია ხომ არ არის?  როცა კომისიაში  მინისტრები შედიან, აუცილებლად ქმედუნარიანი იქნება,"- აცხადებს ვიქტორ ჯაფარიძე და განმარტავს, რომ თუ  მისი ამომრჩევლები ხაიშელები ინიციატივას მოიწონებენ, სამთავრობო კომისიაში ჩაერთვება.

სამთავრობო კომისიის შექმნის იდეა მოსწონს ხაიშის თემის რწმუნებულს, ოთარ ჭკადუასაც, რომელიც ხუდონჰესის პროექტის განხორციელების აქტიური მოწინააღმდეგეა.

"არ მგონია, პირადად მე ჩავერთო ამ კომისიის მუშაობაში, თუმცა, თუ ასეთი კომისია თუ შეიქმნება და ნორმალურად იმუშავებენ, კი ბატონო, არც ხალხი იქნება წინააღმდეგი,“- განმარტავს ოთარ ჭკადუა.

ექსპერტთა ოთხეულმა, ლევან კალანდაძემ, ირაკლი ლექვინაძემ, ლევან ალაფიშვილმა და გიორგი აბაშიშვილმა  პრემიერ-მინისტრს ხუდონჰესთან დაკავშირებულ საკითხებზე სპეციალური  სამთავრობო კომისიის შექმნის წინადადებით  4 მარტს მიმართეს.  ექსპერტები მიიჩნევენ, რომ  ხუდონჰესთან დაკავშირებულ საკითხებზე მნიშვნელოვანი იქნება სამთავრობო კომისიის შექმნა, რომლის შემადგენლობაში ენერგეტიკისა და  ეკონომიკური პროფილის სამინისტროების, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების გარდა შევლენ მხარის მაჟორიტარი დეპუტატი, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი, მესტიის გამგებელი, სასჯელაღსრულების და პრობაციის მინისტრი.

„აღნიშნულმა ფორმატმა მნიშვნელოვნად უნდა გააუმჯობესოს და ეფექტური გახადოს კომუნიკაცია ხელისუფლებასა და მთლიანად სვანეთის, რეგიონის მოსახლეობას შორის, ასევე მნიშვნელოვნად გააადვილოს მხარეთა შორის საბოლოო შეთანხმების მიღწევა და ამავდროულად, მაქსიმალურად დააჩქაროს და მეტად ეფექტური გახადოს თავად პროექტის განხორციელების პროცესი,“- განმარტავს ექსპერტთა ოთხეული.

ხუდონჰესთან დაკავშირებით სპეციალური სამთავრობო კომისიის შექმნის  საკითხზე პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, მოკლე ხანში გახდება ცნობილი.