საქართველოს წამყვანმა ბანკმა, განაცხადა „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის“ (EBRD) ჯილდოს „2013 წლის გარიგება“ მიღების თაობაზე, ვაჭრობის ფინანსირების კატეგორიაში. ხსენებული ჯილდო საქართველოს ბანკმა სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „მექანიზატორისთვის“ 4.88 მილიონი ევროს მოცულობის გარანტიის გაცემისთვის მიიღო, რომლის მეშვეობითაც კომპანიამ, საქართველოს მთავრობის მიერ მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში: „მცირემიწიან ფერმერთა ხელშეწყობის, საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტში“ მონაწილეობისთვის, მცირე ფერმერებისთვის განკუთვნილი მულტიფუნქციური, პატარა ზომის დანადგარი შემოიტანა. გარიგების გარანტორის როლი EBRD–იმ შეასრულა.
2013 წელს, სამთავრობო პროგრამაში („მცირემიწიან ფერმერთა ხელშეწყობის, საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტი“) მონაწილეობა მიიღო 710,386–მა ბენეფიციარმა და შესყიდულ იქნა 1,700 ცალი ზემოაღნიშნული დანადგარი, რომლის, მეშვეობითაც 207,322 ჰა სასოფლო–სამეურნეო მიწა დამუშავდა.
სოფლის მეურნეობის სამინიტროს შპს „მექანიზატორი“ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკით მომსახურების საკოორდინაციო ცენტრია, რომელიც მთელი საქართველოს მასშტაბით ფერმერებს ტექნიკურ დახმარებას უწევს. ცენტრის მიზანია, ფერმერებისთვის მეტად ხელმისაწვდომი გახადოს სასოფლო-სამეურნეო თანამედროვე ტექნიკა. „მცირემიწიან ფერმერთა ხელშეწყობის 2014 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის“ წარმატებით განხორციელებისთვის, ხვნის სამუშაოების ყველაზე მეტ წილს, სწორედ შპს „მექანიზატორი“ ახორციელებს.