სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ, ევროპის საბჭოსა და საქართველოს უნივერსიტეტის მხარდაჭერით, ციხის ექთნების პროფესიული განვითარების პროგრამა დაიწყო.
პროგრამის ფარგლებში, საქართველოს ციხეებში მომუშავე 75 ექთანი შეისწავლის საექთნო საქმის თანამედროვე პრინციპებს, პაციენტებთან კომუნიკაციას, ზოგად საექთნო ჩვევებს, კრიტიკულ სიტუაციებში ქცევის წესებს, თავდაცვის ტექნიკას, ინფექციის კონტროლის საკითხებს, მედიკამენტების სწორად შენახვასა და ადმინისტრირებას, პაციენტის საბაზისო მოვლასა და ძირითად საექთნო მანიპულაციებს. პრაქტიკული მეცადინეობები ჩატარდება საქართველოს უნივერსიტეტის „სიმულაციურ ჰოსპიტალში“, მულტიფუნქციური მანეკენებისა და სხვადასხვა სიმულატორების გამოყენებით. ექთნების სამუშაო პროცესიდან მოწყვეტის თავიდან აცილების მიზნით, მეცადინეობები პარასკევს, დღის მეორე ნახევარში და შაბათ-კვირას არის დაგეგმილი.
პროფესიული განვითარების პროგრამის მაღალ ხარისხს უზრუნველყოფენ მოწვეული ადგილობრივი პროფესორები, ექთანთა ასოციაციის წევრები და უცხოელი სპეციალისტები. ხარისხიან სწავლებას საქართველოს უნივერსიტეტის თანამედროვე საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურაც შეუწყობს ხელს. .
პროგრამის დასასრულს, წარმატებული კურსდამთავრებულები მიიღებენ „კვალიფიციური ექთნის“ სტატუსს და სამსახურეობრივ წახალისებას.
პროგრამა ციხის ექთნების პროფესიულ ჩვევებს აამაღლებს, განათლების უწყვეტობის პრეცედენტს შექმნის, ციხის ჯანდაცვის სისტემაში ევროპული სტანდარტებისა და ადამიანის უფლებების განხორციელებას ჩაუყრის საფუძველს, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს ციხეებში უფრო ჯანმრთელი და უსაფრთხო გარემოს შექმნას.