ლევან მდინარაძის განცხადებით, ის 2011 წელს “ქართული ოცნების” მაისურების დარიგებისას დააკავეს, შემდეგ კი გოგა ონიანის ზეწოლით ჩვენება მიაცემინეს, რის შედეგადაც ნარკოტიკული საშუალების შენახვა-ტარება ედებოდა ბრალად.
მისივე თქმით, 2011 წელს “ქართული ოცნების” მაისურების დარიგების დროს უკანონოდ დააკავეს და დაკითხვის დროს მას გოგა ონიანი შეურაცხყოფას აყენებდა.
“სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმულმა პირებმა ხელები გადამიგრიხეს და ავტომანქანაში ძალით ჩამსვეს, რომელშიც წინა სავარძელზე გოგა ონიანი იჯდა. ავტომანქანაში ჩასმისას განმიმარტეს, რომ სახელმწიფოს ღალატი მედებოდა ბრალად, რადგან ორგანიზებას ვუწევდი და ვარიგებდი “ქართული ოცნების” მაისურებს. გლდანი-ნაძალადევის სამმართველოსთან მიმიყვანეს. დასაკითხ ოთახში ამიყვანეს, სადაც რამდენიმე ადამიანი შემოვიდა. ონიანმა დამიწყო დაკითხვა, ძირითადად ბრალდება მომდიოდა, რომ მე სახელმწიფოს მოღალატე ვიყავი, ის დაკითხვის დროს შეურაცხყოფას მაყენებდა. მითხრა, რომ ვინც მაისურებს ბეჭდავდა და არიგებდა, ყველას დაგვიჭერდნენ. შემდეგ მითხრეს, რომ ნარკოტიკების შეძენა-მოხმარებისთვის დამაკავეს, რაზეც ვთქვი, რომ მომხმარებელი არ ვიყავი. ნარკოლოგიური შემოწმების შემდეგ, გაიკვა, რომ მომხმარებელი მართლა არ ვიყავი, რაზეც ონიანი გაბრაზდა და თქვა, რომ 7 წელს მომისჯიდა. მან ჩემგან ვერცერთ ბრალდებაზე თანხმობა ვერ მიიღო, რასაც კვლავ მოჰყვა შეურაცხყოფა, სახეში რამდენჯერმე გამარტყეს. შემდეგ ჩამიყვანეს გამომძიებელთან, სადაც უნდა გავეჩხრიკე, ამოვალაგე ჩემი ხელით, რაც ჯიბეში მედო, ესენია ფული და საღეჭი რეზინი, მობილური ტელეფონი მანამდე წამართვეს. საფულე არ მქონდა, რადგან არ ვატარებ. შემდეგ ჩვენების ოქმზე ხელის მოწერას მთხოვდნენ, სადაც წაკითხვის შემდეგ აღმოვაჩინე, რომ ეწერა თითქოს, რაღაც თეთრი ქაღალდი აღმომაჩნდა ჩხრეკისას, რაზეც უარი ვუთხარი. მიმტკიცებდნენ, რომ ეს აღიარებას არ ნიშნავდა, იძულებული გამხადეს ოქმზე ხელი მომეწერა, თუმცა ვთქვი, რომ რაც არ ჩამიდენია, იმას არ ვაღიარდები. ამის მერე უკვე “კაპეზეზე” გადამიყვანეს, შემდეგ კი 10 000-ლარიანი გირაოთი გამათავისუფლეს. ამ ხელისუფლების პირობებში ამნისტია შემეხო და გადახდილი თანხა უკან დამიბრუნდა. იმედი მაქვს, რომ ჩემი აღნიშნული განცხადებით პროკურატურა დაინტერესდება, რის შემდეგაც მე ონიანის წინააღმდეგ ჩვენებას მივცემ, რადგან ვთვლი, რომ მანტიას ამოფარებული დამნაშავე გარეთ თავისუფლად არ უნდა დადიოდეს”, - განაცხადა მდინარაძემ.