სახალხო დამცველის აპარატისა და ეროვნული ბიბლიოთეკის ინიციატივით პარასკევს პირველად გაიმართა საჯარო დისკუსია, რომელიც ამიერიდან ყოველი თვის ბოლო პარასკევს, საზოგადოებაში ყველაზე აქტუალური საკითხების განხილვას შეეხება. დისკუსიის პირველი თემა ხუდონჰესი იყო.
შეხვედრას ესწრებოდნენ დარგის სპეციალისტები, ეკონომისტები და იურისტები, ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლები. დარბაზში მობილიზებული იყო ხუდონჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეთა ჯგუფი და ხაიშიდან ჩამოსული რამდენიმე აქტივისტი, რომლებიც ცდილობდნენ შეხვედრა ჩაეშალათ.
მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრის მოდერატორმა, სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა არაერთხელ მოუწოდა ხაიშიდან ჩამოსულ აქტივისტებს შეხვედრა კონსტრუქციულ რეჟიმში წარმართულიყო, ისინი ცდილობდნენ გამომსვლელებისთვის ხელი შეეშალათ და სიტყვის თქმის საშუალება არ აძლევდნენ.
ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ ილია ელოშვილმა განაცხადა, რომ მთავრობის პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით მარტივია, პროექტი მნიშვნელოვანია ქვეყნის განვითარებისთვის და ის უნდა განხორციელდეს.
„არავის აქვს უფლება დაარღვიოს კანონები და თუ არ მოგვწონს რომელიმე კონკრეტული კანონი, მთავრობამ საზოგადოებასთან ერთად უნდა იმსჯელოს ამ კანონების შეცვლაზე და არა დავარღვიოთ ისინი. არავინ დგას კანონზე მაღლა -არც სახელმწიფო, არც ინვესტორი, არც რომელიმე სამინისტრო და არც მოქალაქეები. ჩვენ შეხება გვაქვს ძალზედ სენსიტიურ თემასთან, რაც ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხს ეხება, ამ შემთხვევაში ესენი არიან ხაიშელები. ჩვენი მიდგომა ამ საკითხისადმი არის ძალზედ ფრთხილი და თითოეული ადამინის უფლება, ვისაც პირდაპირ ან ირიბად ეხება ხუდონჰესის პროექტი იქნება დაცული. მთავრობისა და სამინისტროს მიდგომა არის ძალზედ ჰუმანური, მაგრამ ჩვენ არასდროს დავუშვებთ საკითხის სამართლებრივი ჩარჩოდან გასვლას“,-განაცხადა ელოშვილმა.