მარტინ კოკერჰემი – ფოლკ როკის ფსიქოდელიური გამოძახილი

მარტინ კოკერჰემი – ფოლკ როკის ფსიქოდელიური გამოძახილი

როკ–მუსიკის განვითარების ხანაში, როდესაც ჩნდებოდა უამრავი ახალი სახელი და მიმდინარეობა, იყვნენ ისეთი მუსიკოსებიც, ვისთვისაც უცხო იყო რაიმე ტიპის ჟანრობრივი შეზღუდვები და ტრადიციული მიდგომები.

მით უფრო უცნაურია, როდესაც საქმე ეხება ფოლკ როკ რეპერტუარს, რომლის პოპულარობასაც ინგლისში აბსოლუტურად ლოგიკურად უმეტესწილად განსაზღვრავდა ტრადიციული თემატიკა და Fairport Convention, Steeleye Span, String Incredible Band თუ Pentangle–ის ფოლკ როკ ჯგუფობის თვალსაზრისით, „მეგა ვარსკვლავი“ კოელქტივები. მათ ფონზე ძალიან უცნაურად ჩანდა ერთი თამამი მუსიკოსის გამოცხადება ბრიტანულ როკ სცენაზე, რომლის  მიზანიც მსმენელთა წინაშე ახალი ინგლისური ხალხური მუსიკის წარმოჩენა იყო. ალბათ ჯგუფ Spirogyra-ს ამგვარი ჟანრობრივი დახასიათება უფრო შედეგია იმ აკუსტიკური მუსიკალური ჟღერადობისა, რასაც მისი რეპერტუარი მოითხოვდა...

და ვინ არის ეს მუსიკოსი? ეს მუსიკოსია მარტინ კოკერჰემი. ბევრი სხვა ექსპერიმენტატორი შემსრულებლის მსგავსად, იგი სწავლობდა კენტერბერბერიაში, კენტის უნივერსიტეტში და  პარალელურად ჰქმნიდა ალბომებს, რომელთა ვინილის დისკების ღირებულებაც დღესდღეობით საკმაოდ მაღალ ნიშნულებამდე ადის. კენტერბერიაში მოღვაწეობის მიუხედავად, მარტინი ინგლისური ფოლკ როკისა არ იყოს, ჟანრობრივად რამენაირად მაინც, არც კენტერბერის სცენის ცნობილ ჯაზ როკ თუ ფსიქოდელიურ  კოლექტივებს ენათესავებოდა. ამიტომაც სრულიად განზე მდგომი კოლექტივი აკუსტიკური ჟღერადობით, თავიდანვე კომერციული ჩავარდნის დიდი რისკის წინაშე დგებოდა.

მარტინმა Spirogyra ჯერ კიდევ 1968 წელს შექმნა, თუმც საუკეთესო და აღიარებული შემადგენლობით კოლექტივმა 5 წელიწადი იარსება და სამი სტუდიური ალბომი დატოვა, რომელთაც უკვე 2000 წელს მოჰყვა ძველი და გამოუქვეყნებელი სიმღერების კრებული, ხოლო წლეულს კი 1974 წლის უიშვიათესი საკონცერტო ალბომის უკვე კომპაქტ დისკ ვერსია კასეტებიდან მინაწერი დამატებებითა და ჩანაწერის ხარისხის  შესამჩნევი ხარვეზებით.

ეს ერთი, ძალიან საინტერესო მომენტთაგანია Spirogyra-ს შესახებ, რადგან თუკი რომელიმე ჯგუფზე შეიძლება ითქვას, რომ რეპერტუარის ხარისხთან შედარებით, ჩანაწერის ხარისხი მეასეხარისხოვანია, ეს Spirogyra გახლავთ.

მაგრამ კლასიკური Spirogyra -ს ალბომების რეპერტუართან ერთად, საუნდიც შესანიშნავია... დავიწყოთ 1971 წლის St. Radigunds-ით. აქ 10-დან 9 სიმღერის ავტორი მარტინ კოკერჰემია, ხოლო კომპოზიტორის იდეების უმთავრესი განმახორციელებელი მასთან დუეტში წარმოდგენილი აბსოლუტურად ახლებური როკ ვოკალ ხმის ტემბრის მქონე ბარბარა გასკინი - უნაზესი, უნატიფესი, აუცილებლად სევდანარევი და მელანქოლიური ინტონაციებით. მარტინ კოკერჰემის თითქოს მარტივი აკუსტიკური გიტარის  ჟღერადობას კი იულიან გუსაკის ვიოლინოც უბამს მხარს, რომლის კომპოზიტორულ ტალანტსაც ალბომის მეორე ნაწილში წარმოდგენილი Time Will Tell  განასახიერებს. სადებიუტო ალბომი შეკრულია ერთიანი ხაზის გამტარი სამი სიმღერით - გამხსნელი Future Won’t Be Long-ით, მე-3 Magical Mary-ითა, და დამაბოლოვებელი The Duke Of Beaufoot-ით. მათი მოსმენითა და აღქმით იწყება მთლიანი ალბომის შეცნობა, რომელშიც მუქი ტონები ფსიქოდელიანარევ ალბომის ინტელექტუალურ ცენტრ Cogwheels, Crutches & Cianyde - ში ვლინდება. ჯამში კი St. Radigundsსაკმაოდ რთული მოსასმენი  აკუსტიკური ალბომია, რომლის ერთაშად შეყვარება არაა მარტივი საქმე, რადგან მარტინ კოკერჰემის მელოდიზმი ისეთივე ორიგინალურია, როგორც მისივე შექმნილი ახალი ინგლისური ფოლკ-როკი...

ეს სიტყვები ნამეტნავად ხმამაღალი ნათქვამი რომ არ გამოსულიყო, კრიტიკამ Spirogyra-ს პროგრესივ–ფოლკ სტატუსიც მიანიჭა და საბოლოოდ ყველა ჭკუათმყოფელი შეთანხმდა, რომ ბევრ დავიდარაბას ისევ მეორე ალბომ - Old Boot Wine-ის მოსმენა აჯობებდა. აქ მარტინ კოკერჰემი Dangerous Dave-ში ჯგუფის ისტორიაში ერთადერთ სოლოს უკრავს ელექტროგიტარაზე, აქვეა უნიკალური წყობის სიმღერა Runaway ბასისტ სტივ ბორილის წამყვანი ვოკალითა და ბარბარასა და მარტინის მისამღერებით. უცნაურია, მაგრამ მარტინს აქ ხმა პოლ მაკარტნისას ემსგავსება და 6 წლის შემდგომ London Town-ის მუხტს გადმოგვცემს...

ალბომის მეორე ნაწილში კი ორი ცენტრალურ სიღრმისეული სიმღერა World’s Eyes და ალბომის დამაბოლოვებელი Canterbury Tale არის წარმოდგენილი. ამ უკანასკნელში ბარბარასა და მარტინის ხმათა ნაზავს, საუკეთესოდ უკვე მომდევნო ალბომი Bells, Boots & Shambles განავრცობს მაგალითად გამხსნელ The Furthest Point-სა და ფინალურ In The Western World-ში. ერთი კია, რომ ფსიქოდელიის ულუფები პირველ ორ ალბომთან შედარებით აქ შემცირებულია და ბარბარას თბური ენერგეტიკით დაჯილდოვებული ხმის ტემბრის ხარჯზე, წინა პლანზე An Everyday Consumption Song-ის მეოხებით,  რომანტიკაა წარმოჩენილი.

ძალიან საინტერესოა 2000 წელს გამოცემული იქამდე გამოუქვეყნებელი სიმღერების ნაკრები Burn The Bridges, რომელთა უმრავლესობაც St. Ragigunds-ის ან უფრო ძველიპერიოდისაა. რემასტერინგის მიუხედავად, სიმღერები ინარჩუნებენ იმ პირველად სიხალასეს, რაც Spirogyra-თვის ზოგადად დამახასიათებელია. ხოლო იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ მასალა პრაქტიკულად სტუდიური ლაივია, უკვე აბსოლუტურად მისაღები ხდება ჟღერადობის მცირეოდენი „გაუთლელობებიც“.

თითქოს ამ ალბომით სრულდება ბარბარა გასკინის ერა Spirogyra-ში, რადგან ქალბატონმა მართალია უდიდესი როლი ითამაშა მის გამოცემაში, Spirogyra-ს უკვე მომდევნო წლების  შემადგენლობაში მას ვეღარ ვხედავთ.

მარტინი Spirogyra-ს ახალი ალბომების გამოცემას, სხვადასხვა შემადგენლობებით უკვე ამ ბოლო ხანს შეუდგა. აღსანიშნავია 1986-1988 წლებში ჩაწერილი სიმღერების ნაკრები და უკვე ამ უახლოეს წლებში გამოსული ჯერ ძველისძველ პარტნიორ მარკ ფრენსისთან ერთად ჩაწერილი Children’s Earth და ჯერჯერობით ბოლო - 2009 წლის ნამუშევარი Rainbow Empire.

Spirogyra-ს ძველ კოლექციონერთა შორის არის კამათი და სჯა-ბაასი, რამდენად მისაღებია ეს ალბომები მარტინის ძველი ქმნილებების ფონზე. ბუნებრივია, რომ  რეპერტუარმა შეინარჩუნა ორიგინალობა და სხვათა შორის კოკერჰემმა ხმაც და ფანტაზიაც,მაგრამ  ჯგუფს რომ ფსიქოდელიის დეფიციტში ადანაშაულებენ? ცოტა არ იყოს საკვირველია, რადგან ეს მუხტი მოდის, უბრალოდ ამას Purple Swan-ისა თუ -Come What May – Radhe-ს წესიერი მოსმენა სჭირდება. მარტინის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მის მიერ შექმნილი „ბალადები“ კვლავაც განსაკუთრებით არატრადიციულია და მისი ნამღერი ნებისმიერი პარტია, მშვენივრად ერგება ქალბატონისას და პირიქით. მარტინისSpirogyra უახლეს - 2009 წლის ალბომRainbow Empire-ში 13 მუსიკოსითაა წარმოდგენილი, რომელთაგან ერთ-ერთი, წარსულში ინგლისური ჩარტების განუყოფელი მეგობრის - Rubettes-ის დრამერი ჯონ რიჩარდსონი გახლავთ.

ამ ბოლო ხანს, მარტინ კოკერჰემი კენტერბერული სცენის ერთ-ერთ თვალსაჩინო ფიგურა, ბას გიტარისტ და მომღერალ რიჩარდ სინკლაირთან ერთად ჩნდებოდა ხოლმე სცენაზე, ამჟამად კი იგი თავისუფალია და ჩვენგანაც ელის მოწვევას, რათა უკვე მომდევნო ალბომისათვის გამზადებული მასალა სცენიდან  შემოდგომაზევე  წარმოგვიდგინოს. ამისათვის კი საქმიანი წრეების წარმომადგენელთა სულ მცირეოდენი ძალისხმევაა საჭირო...