ექსპერტების განცხადებით,

ექსპერტების განცხადებით, "სოკარი" გაზგასამართი სადგურების მონოპოლიზებას ცდილობს

დღეს, სასტუმრო "რადისონ ბლუ ივერიაში" გამართულ ბრიფინგზე, ექსპერტებმა ეკონომიკურ საკითხებში - ემზარ ჯგერენაიამ, ლევან კალანდაძემ, გიორგი აბაშიშვილმა და ირაკლი ლექვინაძემ ისაუბრეს რუსეთის ახალი ენერგეტიკული დოქტრინის შესახებ, თუ რაზე კეთდება აქცენტები და რა გამოწვევები დგას დღეს საქართველოს წინაშე - ვის ინტერესებში არ შედის საქართველოში ჰიდროენერგეტიკული რესურსების ათვისება; ეკონომიკური, ენერგეტიკული და ეკოლოგიური უსაფრთხოების საკითხები.

გარდა ამ საკითხებისა, ეკონომისტებმა ისაუბრეს ბუნებრივი აირის მიწოდების და განაწილების სფეროში არსებულ პრობლემებზე, მონოპოლიური მდგომარეობის საკითხებზე - კონტროლდება და არსებობს თუ არა ინფორმაცია გაზის ხარისხის, წნევის, კალორიულობის შესახებ და იწვევს თუ არა ამ მაჩვენებლების  ცვალებადობა ბუნებრივ აირზე დღეს არსებული 45-თეთრიანი ტარიფის ზრდას.

ირაკლი ლექვინაძე (ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში): "გაზის მოწოდება ხდება აზერბაიჯანული კომპანია "სოკარის" მიერ, დღეს არ არსებობს ინფორმაცია მოწოდებული გაზის ხარისხობრივი მაჩვენებლების შესახებ, კომპანია არის გაზის იმპორტიორიც და გაზგამანაწილებელი ქსელების მფლობელიც რიგ რეგიონებში, რაც დომინანტურს ხდის მის მდგომარეობას და საკუთარ პირობებს კარნახობს სხვა გაზგამანიწილებელ ქსელებსაც. ვფიქრობთ, მნიშვნელოვანია ამ საკითხის აქტიური მონიტორინგი და გარკვეული სტანდარტის შექმნაც."

ლევან კალანდაძე (ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში): "გარდა იმისა, რომ "სოკარი" მონოპოლისტია საქართველოს ბაზარზე გაზის მოწოდების თვალსაზრისით, მისი მიზნები ბოლო დროს უფრო შორს წავიდა. როგორც ჩანს, სოკარს გადაწყვეტილი აქვს გაზგასამართი სადგურების  სრული მონოპოლიზება მოახდინოს მთელი ქვეყნის მასშტაბით, რისთვისაც ახალი კამპანია წამოიწყო - ყველა იმ კომპანიას, რომელიც მის საკუთრებაში არ არის, გაუზარდა გაზის შესასყიდი ფასი 330 ლარამდე, ხოლო საკუთარ ავტოგაზგასამართ სადგურებს დემპინგურ ფასში, 270 ლარად აწვდის გაზს. ეს არის მცდელობა პრაქტიკულად გააკოტროს ყველა ავტოგაზგასამართი სადგური და საბოლოო ჯამში თავად დაეპატრონოს მათ"