2014 წლის 27 თებერვალს, 13:00 საათზე, თიბისი ბანკის სათავო ოფისში, თიბისი ბანკისა და ლიბერთი ბანკის გენერალურმა დირექტორებმა, ვახტანგ ბუცხრიკიძემ და გიორგი არველაძემ, ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას ურთიერთთანამშრომლობის შესახებ.
ხელშეკრულების ჭრილში მოხდა ორი ბანკის საპროცესინგო სისტემების ერთმანეთთან დაკავშირება, რაც მათ საშუალებას აძლევს ერთმანეთის მომხმარებლების მიერ ბარათებითა და ელექტრონულად განხორციელებული ტრანზაქციები შეასრულონ საერთაშორისო საგადახდო სისტემების გარეშე. ბანკების საპროცესინგო სისტემების პირდაპირი ჩართვა საქართველოში უპრეცედენტოა და მისი საშუალებით ორივე ბანკს შესაძლებლობა მიეცა მომხმარებლებისთვის შეეთავაზებინა ბანკომატებისა და პოს ტერმინალების ბევრად ფართო ქსელი და საგრძნობლად შეემცირებინა ასეთი ქსელით სარგებლობის ტარიფები;
კერძოდ, ამ თანამშრომლობის ფარგლებში, თიბისი ბანკის მომხმარებლებს შესაძლებლობა მიეცათ დამატებით ისარგებლონ ლიბერთი ბანკის 340 ბანკომატით, მათთვის თიბისი ბანკის ბანკომატებიდან თანხის განაღდებისას მოქმედი ტარიფებით, ხოლო 2014 წლის 1 მარტიდან ლიბერთი ბანკის მომხმარებლებიც შეძლებენ შეღავათიანი ტარიფებით ისარგებლონ თიბისი ბანკის 260 ბანკომატით.
აღსანიშნავია ისიც, რომ გაფორმებული ხელშეკრულების ჭრილში უკვე შესაძლებელია ლიბერთი ბანკის მიერ ემიტირებული 700,000-ზე მეტი PAY (Agro ბარათი, Smartivi, Fortuna და ა.შ.) და Union Pay საგადახდო სისტემების ბარათებით ანგარიშსწორება და თანხის განაღდება თიბისი ბანკის პოს ტერმინალებსა და ბანკომატებში.
ბანკები მომხმარებლებისთვის მეტი კომფორტისა და უფრო დაბალი ტარიფების შეთავაზების მიზნით თანამშრომლობის გაგრძელებას მომავალშიც გეგმავენ.