"საქართველოს ინფრასტრუქტურული პროექტების ინიციატივის" ორგანიზებით ენერგეტიკოსებს, ეკონომისტებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის "თბილისი მერიოტში" გაიმართა შეხვედრა-დისკუსია, სადაც ხუდონჰესის პროექტზე იმსჯელეს.
"ვაცხადებთ, რომ მზად ვართ ავაშენოთ სოფელი, რომლის დარი არც ერთი არ იქნება საქართველოში. აქ არიან ახალი ტექნოლოგიების წარმომადგენლები. მერწმუნეთ, გამოყენებული იქნება ულტრათანამედროვე ტექნოლოგიები, გათბობისთვის, ენერგოეფექტურობისთვის ყველა ნაგებობაში. სულ ახლოს იმ ადგილთან, სადაც დღეს ცხოვრობს ადგილობრივი მოსახლეობა, ახალი სოფელი აშენდება." - განაცხადა ხუდონჰესის ინვესტორი კომპანიის "ტრანსელექტრიკას" ტექნიკურმა დირექტორმა დავით მირცხულავამ.
"მე მხოლოდ დღეს კი არ ვარ ხუდონის მშენებლობის მომხრე, გასული საუკუნის ოთხმოციან წლებში, როცა ახალგაზრდა ვიყავი, მაშინაც ვემხრობოდი. დღესაც მომხრე ვარ, იმიტომ რომ მიმაჩნია, ეს არის ჩემი ქვეყნის მომავალი. განვითარების სხვა საშუალება, ეკონომიკური ზრდის სხვა საშუალება ჩვენს ქვეყანას არ გააჩნია.
მინდა ვთქვა, რომ ნებისმიერ ჩვენს მეზობელ ქვეყანას, რომელსაც ბუნებრივი გაზის რესურსი გააჩნია, ნამდვილად აქვს სურვილი, რომ ჩვენთან თბოსადგურები შენდებოდეს. დღეისათვის 73–75%-ით ვართ ენერგოდამოკიდებულები მეზობელ ქვეყნებზე. ჩვენ სხვა შანსი არ გვაქვს, ჩვენი საკუთარი უნდა გამოვიყენოთ." - განაცხადა დავით მირცხულავამ.